საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ესტონელ თანატოლებს მე-2 ამხანაგური მატჩიც მოუგო. შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა 5 სექტემბერს 2:0 იმარჯვეს, მეორე თამაში კი გაცილებით დრამატული გამოდგა. საქართველომ მეტოქე 2:1 დაამარცხა და თანაც, ორივე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
ბალტიისპიირელები პირველი ტაიმის მიწურულს მარტინ ვეტკალმა დააწინაურა. მან კარიდან 20-ოდე მეტრში დანიშნული საჯარიმო ჩინებულად შეასრულა. თამაშის განმავლობაში უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, თუმცა, მათ შანსების გამოყენება მხოლოდ დამატებულ დროში შესძლეს.
92-ე წუთზე დინამო თბილისის ნახევარმცველმა ნიკა სიხარულაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში ჩაახვია, 95-ეზე კი თბილისის ლოკომოტივის მცველმა გიორგი პირტახიამ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. მაისურაძის გუნდი მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ნორვეგია, უელსი და კოსოვი ეყოლება. ჯგუფის მასპინძელი ნორვეგიაა, ქართველებს კი პირველი მატჩი 6 ოქტომბერს უელსთან ელით.
GIPHY App Key not set. Please check settings