მიხელ ჯავახიშვილი გვეუბნება: „კვაჭი კვაჭანტირაძე რომ დაიბადა, ცა ორად გაიყო, რადგან ქვეყანას კვაჭი მოევლინაო“- მოდით, ამ წინადადების ავტორი უცნობად მოვიხსეინოთ, სახელი/გვარი ლეო მესით ჩავანაცვლოთ და პირდაპირ და მეტაფორულ სამყაროს შორის გრძელი ხიდი გავდოთ. შეიძლება, რაღაც საინტერესო გამოვიდეს, მაგრამ 1987 წლის 24 ივნისს, ქალაქ როსარიოს ერთ ოჯახში, ნამდვილად, დიდი ზეიმი იყო, რადგან ხორხე მესის ოჯახს ბიჭი შეეძინა.
არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა ბიოგრაფიის გაცნობისას ერთი სული გვაქვს გავიგოთ, კარიერის მანძილზე რა მოინაგრეს. მესი ამ ნუსხაში არ შედის, რადგან დააბიჯებდე თანამედროვე სამყაროში და არ იცოდე ლეო მესი, პარალელური სამყაროს სცენარია. სტანდარტულად, უნდა მოგითხროთ, კარიერის პირველი ნაბიჯებისა და რენესანსის დროზე, მაგრამ ეს, ხომ ლეო მესია და შენც, მკითხველო ხომ იცი, რომ ოქროს ბურთის 7-გზის ტრიუმფატორსა და ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებულზე უნდა გესაუბროთ.
ჰერმენოიტიკა ვახსენეთ და ბარემ განვმარტოთ. მეცნიერება, რომლის არსიც განხილული ეპოქის წიაღში შებიჯება და განსახილველი საკითხის იმ დროისადმი ზუსტი მისადაგებაა. ანუ, როდესაც ისმის კითხვა: მესი თუ მარადონა? – აქ ჰერმენოიტიკის გარეშე ფონს ვერ გავალთ, რადგან ამ ორ გენიას დაახლოებით 25 საფეხბურთო წელი აშორებს ერთმანეთისაგან. ჰოდა, ეს 25 წელი, ბევრ საკითხში უმნიშვნელოა, მაგრამ 165 წლის ფეხბურთისათვის, ლამის ისტორიის 15%-ია. ჰო, ამ საკითხზე კომპეტენტურმა და საკითხისადმი თავდადებულმა ხალხმა იმსჯელოს, ჩვენ კი ლიონელ ანდრეს მესის დავუბრუნდეთ.
6 წლის ასაკში ლეო მესი „ოლდ ბოისის“ ასაკობრივ გუნდში მივიდა და ახლა, უნდა გთხოვოთ, რომ უსაფრთხოების ქამრები მაქსიმალურად გადაიჭიროთ, რადგან მესის კარიერას ბევრმა ვერ გაუძლო. ლეოს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ბავშვობის კერპი პაბლო აიმარი გახლდათ. თმახუჭუჭა 10-იანი, რომლის სახელიც „ვალენსიას“ გულშემატკივრებს დღემდე პირზე აკერიათ, მაგრამ მაშინ პაბლიტო „რივერ პლეიტისათვის“ ბურთაობდა… ჰო, ეს გუნდი დაიხსომეთ, მალე დაგვჭირდება. ლეომ „ძველ ბიჭებში“ 5 წელი გაატარა, ჰოდა არგენტინის საფეხბურთო პალიტრამ 1987 წლის თაობას „The machine of ‘87” – 87 წლის ძრავი უწოდა. მესიმ 500-მდე გოლი გაიტანა და კოჭებშივე ეტყობოდა, რომ რაღაც სტანდარტულისაგან შორმსდგომ ტალანტს ეხებოდა საქმე.
1997 წელი და პირველი განსაცდელი. ლეოს ზრდის ჰორმონის დეფიციტი აღმოაჩნდა და გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ჩიაკაცობას ვერ გასცდებოდა, რაც მის საფეხბურთო კარიერისათვის დაღის დამსმელი იქნებოდა.
„არ იდარდოთ, ჩვენ ყველაფერს მივხედავთ“ – ეს ციტატა არ გეგონოთ, უბრალოდ „ოლდ ბოისის“ პირობას გაუწყებთ მესის ოჯახისადმი, მაგრამ ენას ძვალი არ აქვსო და არგენტინულმა კლუბმაც სიტყვა ქარს გაატანა. მამის დაზღვევა, მხოლოდ 2 წლისათვის აღმოჩნდა საკმარისი, რადგან თვიურად 1000 დოლარის საჭიროებაზე მიდგა საქმე. ანაზდად, საქმეში რამდენიმე წუთის წინ დროებით გვერდზე გადადებული „რივერ პლეიტი“ ჩაერთო, მაგრამ მკურნალობისათვის საჭირო თანხის გადახდა მათაც იუარეს.
მესის კატალონიაში ნათესავები ჰყავდა და მისმა ოჯახმაც გადაწყვიტა ბედის ევროპაში ძიება. „ბარსას“ მაშინდელმა ექიმმა და შემდგომში საფეხბურთო დირექტორმა ცარლი რექსექმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ „ბლაუგრანას“ მესი ხელიდან არ გაეშვა და კონტრაქტი ხელსახოცზე გაფორმდა. მესის კარიერა გადარჩა და საფეხბურთო სამყარომ წყალგამყოფ პერიოდში კალაპოტს არ გადაუხვია.
2002 წელს ლეო მესი „ლა მასიას“ სრულუფლებიანი წევრი გახდა და იქ სესკ ფაბრეგასთან და ჟერარ პიკესთან ერთად დაიწყო ბურთაობა, რომელსაც შემდეგ „BABY DREAM TEAM” – უწოდეს. გზად, მესის უამრავი დაბრკოლება შეხვდა: ნოსტალგია, ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემა და ბევრი კიდევ სხვა. ის პრაქტიკულად არ ესაუბრებოდა თანაგუნდელებს, რის გამოც მუნჯად მიიჩნიეს, მაგრამ რაში სჭირდებოდა საუბარი. 30 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. კოპა კატალონიას ფინალში „ესპანიოლს“ 2 გოლიც გაუტანა, თან ისე, რომ მატჩი ლოყის ძვლის მოტეხილობით ჩაატარა. სახის დამცავს ვერ მიეჩვია და მატჩის ბოლოს მსაჯს უთხრა, თქვენის ნებართვით მოვიხსნიო… მერე დუბლი შეასრულა. გადავხედე და ვრცელი გამოდის. მესის დარ მოთამაშეს სხვაგვარი არც შეშვენის, მაგრამ ჩვენი მასშტაბი უსაზღვრო არაა.
2003/04 წლების სეზონში სანაკრებო პაუზამ „ბარსას“ პირველ გუნდს ბევრი მოთამაშე წაართვა. ჰო, ამ დროს მესიმ მარათონი მოაწყო, 5 ასაკობრივ გუნდს გადაახტა და რეკორდის დაამყარა. ჰოდა, რაიკაარდმა შემადგენლობის შესავსებად ვარჯიშებზე აკადემიის უწვერული ჭაბუკები მიიწვია.
„მან ყველა გაგვანადგურა. ყველა გამეტებით ურტყამდა, რადგან ვერავინ ეგუებოდა ბავშვისაგან დაბრიყვებას. ის უბრალოდ დგებოდა და ჩვენს განადგურებას განაგრძობდა. მას შეეძლო 3,4 ან 5 მოთამაშის მოტყუება და გოლის გატანა. ძირითადის ცენტრალური მცველებიც მაგრად ანერვიულდნენ“ – ეს „ბარსას“ ფრანგი ფეხბურთელის, ლუდოვიკ ჟულის სიტყვებია, რომელიც აღტაცებას ვერ მალავდა.
2003 წლის 16 ნოემბერს, როცა მესი 16 წლის, 4 თვისა და 23 დღის გახლდათ, პირველად მოირგო „ბარსელონას“ მაისური. მაშინ „ბლაუგრანა“ მომავალ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, ჟოზე მოურინიოს „პორტოს“ ესპარინგა. „დაიხსომეთ, ის ჩემზე უკეთესი გახდება“- ეს სიტყვები რონალდინიომ ნამატჩევს თანაგუნდელებს უთხრა. როგორ გინდა მის სიტყვებში ეჭვის შეტანა? ეს ხომ ოქროს ბურთის მფლობელი და მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი რონალდინიო იყო, მაგრამ იმდროისათვის ეს სიტყვები ხმამაღალს წააგავდა.
მოკლედ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში ლეო ძირითადი გუნდის წევრად ვერ იქცა, მაგრამ ჯერ კიდევ ც გუნდში ყოფნისას მის გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ჩაწერეს. 3 თვეში მიხვდნენ, რომ ძალიან შეცდნენ და 80-მდე გაზარდეს და მალევე 150 მილიონად გადააკეთეს. 2004 წლის ოქტომბერში კი ფრენკ რაიკაარდს პირველი გუნდის მოთამაშეებმა მოსთხოვეს მესის მათთან შეამხანაგება და აქედან იწყება ყველაფერი…
„ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მინახავს მისნაირი მოთამაშე, თან ასეთ ასაკში, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ამდენად მძიმე მაისური ასე თავისუფლად ეცვას“- ეს ფაბიო კაპელოს სიტყვებია, როცა მესი ჯერ კიდევ 18 წლის იყო და წარმოიდგინეთ „იუვემ“ ბარსას იჯარის თაობაზე მიმართა. მალევე „ინტერმა“ 150 მილიონიანი შეთავაზება გაგზავნა და „ბარსას“ მაშინდელმა და უკვე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ თქვა:
„ერთადერთხელ დაგვემუქრა ლეოს დაკარგვის საფრთხე. ეს, სწორედ “ინტერის” შეთავაზებამ გამოიწვია“. მაგრამ მესი არსად წასულა!
ამდროს არგენტინელებმა საფრთხე იგრძნეს, რომ თუ არ იაქტიურებდნენ მესი „ფურია როხასათვის“ შეუტევდა, თუმცა თავად მესიმ კარიერის სტარტზევე თქვა, რომ „ალბისელესტეს“ მაისურის იქით ვერაფერზე ფიქრობდა. ახალგაზრდული კოპა ამერიკა ერთი ხელის მოსმით მოაგებინა არგენტინას და მალევე ეროვნულშიც დაუძახეს.
ჰო, მარადონას გარეშე მესის კარიერის განხილვა არ გამოდის, ჰოდა 2006 წელს ლეომ 7 კვირიან ინტერვალში მარადონას მიერ 1986 წელს ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ორივე გოლი გაიმეორა. „ღმერთის ხელი“ ესპანიოლთან და ყველას მოტყუება „ხეტაფესთან“.
ამ დროისათვის მესი უკვე შეუცვლელი წევრია!
მთაწმინდის პანთეონში ყოფილხართ? თუ კი, მაშინ შენიშნავდით, რომ იქ ყველა დიდებულია. ვინ იტყვის, რომ სიდიადით გალაკტიონი ან ნიკოლოზ ბარათაშვილი ვინმეს ჩამორჩება, მაგრამ იქ ერთი საფლავია, რომელსაც ყველასაგან გამორჩეული, განსაკუთრებული ადგილი აქვს და შენც, საქართველოს ისტორიის, თუნდაც მცირე ნაწილის მცოდნე ხვდები, რომ აქ ილია ჭავჭავაძეა. რაში დაგვჭირდა ამხელა შესავალი? გეტყვით – მსოფლიო ფეხბურთს არაერთი ეპოქალური გუნდი და ერა ახსოვს, მაგრამ 2008 წელს საფეხბურთო სცენაზე პეპ გვარდიოლას „ბარსელონა“ შემოდის, რომელსაც საფეხბურთო მუზეუმში რჩეული ადგილი უკავია. არაერთი ექსპერტის, მწვრთნელისა და ყოფილი ფეხბურთელის აზრით, გვარდიოლას „ბარსა“ ყველა დროის საუკეთესო გუნდია!
შეცვლილი საფეხბურთო დღის წესრიგი. ლამის უნივერსიტეტებიც კი შეიქმნა „ბარსელონას“ ტიკი-ტაკას შესაჩერებლად, მაგრამ ჩავი, ინიესტა, მესის ტანდემს თვით ფერგიუსონმაც ვერაფერი მოუხერხა. ორი წაგებული ლიგის ფინალის შემდეგ სერ ალექსმა აღიარა, რომ ამ გუნდის დამარცხება შეუძლებელი იყო!
2009 წლიდანვე იწყება მესის ოქროს ბურთების სერია, რომელიც უკვე 7-ზეა ასული და უახლოეს მდევარ კრიშტიანo რონალდoს ორით უსწრებს.
სწორედ 2009 ში გადაბარგდა პორტუგალიელი „რეალში“ და აქედან კიდევ უფრო მომნუსხველი გახდა საუბრის თემა: მესი თუ რონალდო? მსოფლიოს აზრი ორადაა გაყოფილი. ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა გვაჩუქეს ეპოქა, რომლის გამეორებაც უბრალოდ წარმოუდგენელს ჰგავს. 12 ოქროს ბურთი და საფეხბურთო ყოველდღიურობის განხილვის საგანი 15 წლის განმავლობაში. ეს ამ დუეტმა მოახერხა და 2019 წელს კრიშტიანუმ თქვა:
„15 წელია ამ სცენას მე და მესი ვიყოფთ. ის ჩემი კონკურენტი არაა, მან მე გამაძლიერა და პირიქით. იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩვენ სადმე ვისადილებთო“. მესისა და რონალდოს პაექრობა ცალკე რომანტიკაა, მაგრამ დღეს ობიექტივში ლეოა.
ჩვენ გვარდიოლას „ბარსაზე“ გავჩერდით. მესის ტალანტი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, მაგრამ პეპის გუნდში მისვლა და ლეოს კრისტალიზაციის პროცესის აჩქარება დროში ძალიან დაემთხვა. ლეო მესის 2012 წელს უკვე 4 ოქროს ბურთი და 5 ლა ლიგის ტიტული ჰქონდა მოხვეჭილი და ამასთანავე „ბლაუგრანას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, გადაუსწრო რა სესარ როდრიგესს, რომელსაც 232 გოლი ჰქონდა გატანილი. მალევე ლეომ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, ერთ კალენდარულ წელში 91 გოლის გატანა მოახერხა! ციფრები სხვა პლანეტისას წააგავს, მაგრამ ასეა. გვარდიოლას პერიოდი „ვენი, ვიდი, ვიცი“ გამოვიდა, რადგან ესპანელი გუნდიდან მალევე წავიდა.
„ბარსელონასა“ და მესის ბოლო ერთობლივი გაბრწყინება 2015 წელს იყო, როცა მესი, სუარესი, ნეიმარის ტრიო ავანგარდში მოექცა და „ბლაუგრანამ“ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
ერთადერთი, რასაც მესის უწუნებდნენ მთელი კარიერის განმავლობაში სანაკრეპო ასპარეზი იყო. ჯერ კიდევ შორეულ, 2006 წელს ლეომ პირველად მიიღო მუნდიალზე მონაწილეობა, მაგრამ მაშინ არგენტინა გერმანიამ გაამგზავრა შინისაკენ. 2010 ში გეხსომებათ, მარადონას ნაკრები, რომელსაც გუნდი ნაკლებად თუ ეწოდებოდა. 2014 ში არგენტინამ ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ სასწაულ ფორმაში მყოფი გერმანიის ნაკრები უფრო ძლიერი გამოდგა.
2018 წელს კი 1/8 ფინალში მომავალმა ჩემიონმა საფრანგეთმა მოუსწრაფა არგენტინის მიზნებს სიცოცხლე. გარდა მუნდიალისა, მესის კოპა ამერიკაზეც არ გამოსდიოდა ტიტულის მოგება და მუდმივი განხილვის საგნად, სწორედ ნაკრების წარუმატებლობა იქცა. მარადონა, რომელმაც 1986 წლის მუნდიალი ინდივიდუალურ ტურნირად აქცია და აქეთ მესი, რომელსაც ყველგან ხელი მოეცარა. თუმცა, 2021 წლის მუნდიალზე მესის 0 ტიტულოვანი სანაკრებო მოღვაწეობა დასრულდა და „ალბისელესტემ“ ტიტული მოიგო. ახლა, 2022 წელია და ლეო გასაოცარ ფორმაში მყოფ არგენტინასთან ერთად ყატარისათვის ემზადება, რომელიც ვინიცის, რონალდუსა და მესისათვის ბოლო აღმოჩნდეს. ბოლო შანსი? – არ ვიცით, მაგრამ შეიძლება.
20-წლიანი კატალონიური ერთგულება მესის გასულ ზაფხულს დაასრულებინეს. დაასრულებინეს იმიტომ, რომ გუნდის მაშინდელმა მმართველმა ბართომეუმ ლეოს უფასოდ თამაში სთხოვა და ამის გამოისობით, მესი „პსჟ“-ს შეუერთდა.
როგორი გამოდგა განვლილი სეზონი მესის სტანდარტებში? – პირწმინდად ჩაგდებული. ოქროს ბურთის დაჯილდოვება ახლოვდება და მესი/რონალდოს დუეტი განხილვის საგანი არ არის… ესეც დროს მივაწეროთ, ერთი 37 წლისაა, მეორეს კი დღეს შეუსრულდა 35.
„ვუთანაგრძნობ მათ, ვისაც მესის ტახტიდან ჩამოგდება სურს, რადგან ეს შეუძლებელია. ეს ბავშვი უნიკალურია“ – სიმბოლურია, რომ სტატია ლეო მესის შესახებ პეპ გვარდიოლას სიტყვებით დავასრულოთ. კაცი, რომელმაც ლეოს ფრთები შეასხა. 10 ლა ლიგა; ლიგა 1; 4 ჩემპიონთა ლიგა; 7 კოპა დელ რეი; 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი; 8 ესპანეთის სუპერთასი; 3 უეფას სუპერ თასი; კოპა ამერიკა; კოპა ფინალისიმა; 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი; ოლიმპიური ოქრო; 7 ოქროს ბურთი; 6 ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი; 6 ოქროს ბუცი; 8 პიჩიჩი; 4 საუკეთესო ფლეიმეიქერის ჯილდო; მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცი; კოპა ამერიკას 2 ოქროს ბუცი; ყველაზე მეტი გოლი ერთი კლუბის შემადგენლობაში; ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგის ისტორიაში; ყველაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელს და დეკადის საუკეთესო ბომბარდირის რეგალია. ლეო მესის სატიტულო ნუსხა აქ სრულდება.
რაღაც აკლია ხომ?!.
GIPHY App Key not set. Please check settings