საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო2022-ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გრონინგენის ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. აღნიშნულ დარბაზი სწორედ იმ გუნდებს ეთმობათ, რომლებსაც ოფიციალური მატჩები გრონინგენში აქვთ დაგეგმილი.
საწვრთნელი პროცესი საათნახევარი გაგრძელდა და მასში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამ ეტაპისთვის ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება და ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)
დღეს, საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშებს. გრონინგენის მარტინი პლაზა ჩვენი გუნდის საწვრთნელ პროცესს 17:00 საათიდან დაეთმობა. ვარჯიშის დაწყებამდე კი, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ონლაინ-რეჟიმში უპასუხებს.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
“დღეს დიდი დრო დავუთმეთ ტაქტიკურ მომზადებას, განსაკუთრებით სტანდარტულ მდგომარეობაზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული. 5/4-ზე შეტევა, 5/4-ზე დაცვა. ვფიქრობ, რომ მზად ვართ ამ ისტორიული მატჩისთვის. თუ როგორ მოვემზადეთ, ამას თამაში გასცემს პასუხს. ბიჭებს გათავისებული აქვთ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მახარებს. ისტორიული თამაშის განწყობა დაძაბულობაში არ გადადის, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია. საწყისი წუთები მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ, იმ ტაქტიკურ დავალებებზე ვიმუშავებთ, რაც ასეთი თამაშების წინ ბოლო ვარჯიშებზე კეთდება. ვთვლი, რომ მზად ვართ 22 იანვარი სიმბოლურ თარიღად ვაქციოთ.”.
ზვიად კუპატაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
“აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, ეს ერთგვარი პლუსია. მათ ეს გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ, შემსრულებლებით უფრო კარგი გუნდი ვართ. ამ თამაშში თანაბარი შანსი აქვს ორივე ნაკრებს, ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით, წინ კიდევ ერთი ვარჯიშია, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მზად ვართ პირველი თამაშისთვის”.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 20:30 საათზე შედგება.
საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings