in

ოლიმპიადა გაიხსნა: როგორი იყო გახსნის ცერემონია

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა.

მილანში, „სან-სიროს” ოლიმპიურ სტადიონზე, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ – ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი.

მილანის „სან სიროს“ სტადიონს არაერთი ისტორიული მატჩი ახსოვს, მაგრამ 6 თებერვალი მაინც განსაკუთრებული იყო – იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს სტადიონზე XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა.

მილანი/კორტინა 2026 გაიხსნა რომაული მითოლოგიის ფრაგმენტრბით, ცნობილი იტალიელი კომპოზიტორების – ჯუზეპე ვერდის, ჯოაკინო როსინის და ჯაკომო პუჩინის ისტორიული ფიგურების გაცოცხლებით, ეს ყველაფერი კი ხდებოდა წარმოსახვით პალიტრაზე, რაც თავისთავად იტალიურ სამხატვრო სკოლას უსვამდა ხაზს.

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა მერაია ქერიმ შეასრულა დომენიკო მოდუნოს და ფრანკო მილიაჩის ცნობილი სიმღერა Nel blu, dipinto di blu, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც Volare.

რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იყო იტალიური მოდა. მოდელებმა, რომლებიც იტალიის სახელმწიფო დროშის ფერებში იყვნენ შემოსულნი, ერთგვარი დეფილე მოაწყვეს, პარალელურად კი გახსნის ცერემონიაზე პატივი მიაგეს იტალიური მოდის თვალსაჩინო წარმომადგენელს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური გუნდის პარტნიორს, ჯორჯო არმანის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოსავდა იტალიის ოლიმპიურ ნაკრებს.

თამაშების მასპინძლებმა ისტორიაში პირველად, დელეგაციათა აღლუმი ერთდროულად ოთხ სივრცეში გადაანაწილეს: მილანის „სან სიროს” სტადიონზე და ალპურ რეგიონებში – კორტინა, პრედაცო და ლივინიო.

სტადიონის შუაგულში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ხუთ რგოლად შეიკრა, რაც საკმაოდ ეფექტური სანახაობა გამოდგა. შემდეგ იყო ოლიმპიური არენების ერთგვარი წარდგენა, რაც ოლიმპიური გუნდების აღლუმით გაგრძელდა.

ოლიმპიელები თავიანთ ქვეყნებს წარადგენდნენ როგორც მილანში, ასევე კორტინაში, პრედაცოში და ლივინიოში, სადაც ძირითადად სამთო თხილამურობას, ქერლინგს, ბობსლეის, ციგაობასა და სკელეტონს უმასპინძლებენ.

მონაწილე 92 ქვეყანას შორის ტრადიციისამებრ სცენაზე პირველი გამოვიდა ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი საბერძნეთი და დასრულდა მასპინძელი იტალიის აღლუმით.

სცენაზე წარდგნენ და სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯოვანი მალაგომ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კირსტი ქოვენთრიმ.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

ოლიმპიური დროშა ოლიმპიური ჰიმნის თანხლებით პარალელურად აღიმართა მილანში და კორტინა დ’ ამპეცოში. საზეიმოდ დაიდო ოლიმპიური ფიცი.

ოლიმპიური ცეცხლი, ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, ორ ადგილზე აგიზგიზდა – მილანის გულში, „მშვიდობის თაღთან” ცეცხლი ააგიზგიზეს სამთო თხილამურობაში სამ-სამ გზის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ალბერტო ტომბამ და დებორა კომპანიონიმ. კორტინაში, პიაცა დიბონას მთავარ მოედანზე კი მთავარი მეჩირაღდნის პატივი ერგო ასევე სამთო მოთხილამურეს, ოლიმპიურ ჩემპიონს სოფია გოჯას.

ეს იყო გეოგრაფიულად ყველაზე მრავალფეროვანი გახსნის ცერემონია, როცა ყველა სპორტსმენს, მიუხედავად ადგილებს შორის მანძილისა, მიეცა მონაწილეობის შესაძლებლობა.

ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 22 თებერვალს დაიხურება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ ვარჯიში დაიწყო