უნგრეთის ჩემპიონატი განახლდა და მე-19 ტურში ქართველების გუნდებმა წარმატებით ითამაშეს.
გიორგი ბერიძის და დავით კობოურის „უიპეშტი“ „ნირედიაზას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ეს კი ბერიძის დამსახურებაა, რომელმაც მე-19 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა: მარცხენა ფლანგიდან შორეულ მაღალ კუთხეში ზუსტად ჩასვა. მან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.9. 74-ე წუთზე შეცვალეს. კობოური სათადარიგო იყო.
ილია ბერიაშვილის მტკ-მა სტუმრად „კიშვარდასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 3:2. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 7.2 ქულა მიიღო.
საბერძნეთში, ივა გელაშვილის „პანსერაიკოსი“ სტუმრად „ლარისასთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.4.
რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ „ბოტოშანი“ 2:0 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. ქართველი ნახევარმცველი 78-ე წუთზე შეცვალეს, ყვითელი ბარათი მიიღო და 7.0 დაუწერეს.
პორტუგალიის ჩემპიონატში, „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ნოდარ ლომინაძე, რომელმაც „გიმარაეშთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში 45 წუთი ითამაშა.
ნიდერლანდებში, ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ „ტვენტესთან“ ფრედ ითამაშა – 0:0. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა.
სანდრო ალთუნაშვილის ჰაიფას „ჰაპოელმა“ ბნეი რაინას „მაკაბის“ უმასპინძლა და წააგო – 0:1. ქართველი ნახევარმცველი ძირითადში პირველად მოხვდა და 83-ე წუთზე შეცვალეს.
პორტუგალიის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში „სპორტინგმა“ გასვლაზე „აროკას“ ძლივს მოუგო – 2:1. გიორგი ქოჩორაშვილი, განაცხადში არ ყოფილა.



GIPHY App Key not set. Please check settings