დავით ნამთალაშვილი ამჟამად ერთადერთი მოქმედი ქართველი როლერ ათლეტია, რომელიც ნახევრად პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობს. ის პირველი ქართველია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბერლინის ინლაინ მარათონში (2022 წელი), ასევე ერთადერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა ლე მანის 24 სააათიან რბოლაში და დაასრულა პამპლონას მარათონი (ესპანეთი), რომელიც მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე რთულ მარათონად მიიჩნევა. სამწუხაროდ, მცირე დაფინანსების გამო ძალიან შეზღუდულია შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
დავით ნამთალაშვილი ასევე ერთადერთი ქართველია, რომელსაც ICP level2 დონის სერტიფიკატი აქვს როლერ ინსტრუქტორობის მიმართულებით. ის პირველი ქართული როლერ სკოლის დამფუძნებელიცაა.

დავით ნამთალაშვილი:
– 2024 წლიდან ვარ Tomsen NOVASKI-ს ჩექმა თხილამურების აქტიური მომხმარებელი, რომელსაც 2022 წლიდან აწარმოებს ნორვეგიული კომპანია ტომსენი. თუმცა აღნიშნული ჩექმა თხილამურების წარმოება ბევრად ადრე დაიწყო. ეს არის საკმაოდ უნიკალური და ამ ეტაპზე განვითარებადი სპორტის სახეობა, რომელსაც თავად მწარმოებელი აქტიურად არეკლამებს და მისი პოპულარობის გაზრდას ცდილობს. განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს მისი შესწავლის სიმარტივე (თხილამურებთან შედარებით) და ასევე პრაქტიკული საკითხი, რადგან სასრიალოდ ჩექმის გარდა არაფერი გჭირდებათ. ფიზიკურადაც საკმაოდ გამომწვევი სპორტია და თხილამურებზე ბევრად მაღალი დატვირთვის კოეფიციენტი აქვს.
ამ ეტაპზე ისინი დაახლოებით 20-მდე ქვეყანაში არიან შესული, საიდანაც ყველაზე დიდი წარმატება აზიის ბაზარზე აქვთ (განსაკუთრებით ჩინეთი და კორეა), ხოლო ევროპული ქვეყნებიდან ავსტრია, გერმანია და პოლონეთშია ძალიან პოპულარული. ბევრ ქვეყანაში უკვე არსებობს შიდა ჩემპიონატები, სადაც მომხმარებლები თუ სპორტის ენთუზიასტები ეჯიბრებიან.
შიდა ჩემპიონატების გარდა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს მსოფლიო თასიც, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ახლახან მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ნორვეგიაში ჩატარდა, სადაც სატესტოდ მეც ვიყავი ჩასული და მონაწილეობა მივიღე. შეჯიბრი ძალიან საინტერესო ადგილას ჩატარდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს დახურულ სათხილამურო ტრასაზე (Sno oslo) და საკმაოდ საინტერესოც გამოვიდა. პირველ რიგში ტარდება დროის გარბენი, რომლის შედეგების შესაბამისად ნაწილდებიან მონაწილეები ე.წ. HEAT ანუ ნაკადში, რომელიც 4 კაცისგან შედგება. ტრასაზე შესაბამისი დროშებია, რომლებსაც უნდა შემოუარო და სნოუბორდის კროსის პრინციპით გადიხარ. დაშვების დროს აკრძალულია განზრახ კონტაქტი, თუმცა ის მაინც გარდაუვალია და აუცილებელია სრიალის მაღალი დონე და ფიზიკური მომზადება, რათა შეძლო და სწრაფად გაძვრე დანარჩენ მონაწილეებს შორის.

სამწუხაროდ მოსამზადებელ ეტაპზე ტრავმა მივიღი, მყესი გავიჭიმე და სათანადო დონეზე ვერ მოვახერხე ასპარეზობა. 25 მონაწილეს შორის მე-15 ადგილი დავიკავე, თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე იმ კუთხით, სეზონის განმავლობაში როგორ მოვემზადო და რას უნდა მივაქციო ყურადღება.
მსოფლიო თასის მომდევნო ეტაპი ჩინეთში გაიმართება, სადაც გაცილებით მეტი მონაწილე და დიდი ტურნირია, თუმცა სამწუხაროდ გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ევროპაში ჩასვლა და ამდენად ჯერჯერობით უცნობია შევძლებ თუ არა მეორე ეტაპზე მონაწილეობას.
მწარმოებელი ძალიან არის დაინტერესებული საქართველოშიც ჩაატაროს ერთ-ერთი ეტაპი, რადგან იციან ჩვენი ბუნების და სამთო სათხილამურო ტრასების შესახებ და მოხიბლულიც არიან აქაური გარემოთო. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე საქართველოც ჩაერთვება და იმედია ჩვენს ქვეყანაშიც მოიკიდებს ეს სპორტი ფეხს და ადრე თუ გვიან გვექნება შიდა ჩემპიონატი ნოვასკიის სახეობაში.






GIPHY App Key not set. Please check settings