ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება, რომელსაც 6-კვირიანი პაუზა გამოუვიდა. მე-7 ტურში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო თამაშებია.
ხვიჩა კვარაცხელია ერთი წელია, რაც პარიზში მივიდა და უკვე რამდენი რამ მოასწრო. დღეს კი ის და მისი პსჟ ლისაბონში გიორგი ქოჩორაშვილის “სპორტინგს” შეხვდებიან.
კვარას ცხადია ძირითადში ველით, აი ქოჩორას კი ფაქტობრივად არ ათამაშებენ და ალბათ არც ახლა იქნება სასტარტოში. უბრალოდ, შესაძლოა მცირე დროით შეცვლაზე შევიდეს და ასე შედგეს ქართველების შეხვედრა ლიგაზე, თუ მანამდე ხვიჩაც არ გამოცვალეს. მოკლედ, ქართული დუელის შანსი დიდი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. თუმცა არის ერთი ნიუანსი: კაპიტანი ჰიულმანდი დისკვალიფიკაცირებულია და იქნებ 19 წლის გამოუცდელ სიმოესს მწვრთნელმა სწორედ ქართველი ამჯობინოს.
ფავორიტი ფრანგული გრანდია, მაგრამ საინტერესოა, რომ „სპორტინგი“ საშინაო არენაზე მაგარია, ლიგაზე სამი გუნდი დაამარცხა. თანაც პსჟ-ს პორტუგალიაში სტუმრობის ცუდი გამოცდილება აქვს.

არანაკლებ და იქნებ უფრო მეტადაც ველით გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ შეხვედრას, რომელიც ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, ჩვენი თავდამსხმელი ცოტა ხნით ნიდერლანდურ გრანდში თამაშობდა, საიდანაც იმედგაცრუებული წამოვიდა და არაერთხელ აღნიშნა, რომ არ აფასებდნენ, ყურადღებაც კი არ მიაქციეს და თავის გამოჩენის შანსი ფაქტობრივად არ ჰქონია. მოკლედ, ჟორჟს კიდევ ერთხელ აქვს დასამტკიცებელი, რომ მაშინ „აიაქსმა“ მიქარა.
„ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ სწორედ ქართველ ფორვარდზე ილაპარაკა.
„მიქაუტაძე ძალიან ახალგაზრდა წავიდა “აიაქსში”. ახლა ის გაცილებით მომწიფებული ფეხბურთელია. მაშინდელ პერიოდზე დასკვნების გამოტანა რთულია, რადგან “აიაქსში” არ ჰქონდა დიდი სათამაშო დრო.
მას “ვილიარეალში” ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი აქვს. ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდები. ის ეგუება ჩვენს კლუბს, ესპანეთს და ლა ლიგას. ის ახლა მაღალ დონეზე თამაშობს. კლუბმა მასში დიდი ინვესტიცია ჩადო და ვმუშაობთ, რომ ბოლომდე გაამართლოს”.


GIPHY App Key not set. Please check settings