in

მიყვარს თავზე გადაგდება, მაგრამ უფრო რთულები მომწონს: მიქაუტაძეს მეტი უნდა

გიორგი მიქაუტაძემ დიდებულად დაიწყო 2026 წელი. მან ჯერ “ელჩესთან” მოგებულ საგარეო შეხვედრაში მიითვალა გოლი და საგოლე პასი, “ალავესთან” საშინაო შეხვედრაში კი მხოლოდ გოლით დაკმაყოფილდა. არადა, ორივე მატჩში ჰქონდა დუბლის შესრულების რეალური შანსი. მიქაუტაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა…

“ვილიარეალში” კარგი პერიოდი მაქვს. შეიძლება ითქვას, გუნდს შესანიშნავად შევეწყვე. ახლა ზუსტად ვიცი, რას ითხოვს ჩემგან მთავარი მწვრთნელი როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. გარდა ამისა, ყველა ჩემს თანაგუნდელთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ეს ყოველივე მეხმარება თამაშისგან სიამოვნების მიღებაში. დაცვაში თამაში უმნიშვნელოვანესია. პრესინგის დროს სწორად თამაშია საჭირო, რათა მოვიპოვოთ ბურთი და დავიწყოთ კონტრშეტევა…

საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ბევრს ვმუშაობ მომენტების გამოყენებასა და სიტუაციის კონტროლზე იმ დროს, როცა კარიდან ზურგით მყოფი ვიღებ ბურთს. ვერავინ მიაღწევს რეალიზაციის ასპროცენტიან მაჩვენებელს, მაგრამ გაუმჯობესება საჭიროა და შესაძლებელიცაა…

ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო სათამაშო დრო. 2026 წლის დასაწყისით კმაყოფილი ვარ. თავს მივიჩნევ გუნდისათვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად და გამარჯვებების თანამონაწილედ. დიდი იმედი მაქვს, წლეულს ჩემი სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება…

მიყვარს, როცა ბურთს თავზე ვუგდებ მეკარეს და ისე გამაქვს. ასეთი არაერთი გოლი გამიტანია. ისე კი, ჩემთვის მთავარია, შეტევა შედეგიანად დავასრულო. არ აქვს მნიშვნელობა, თავით იქნება ეს თუ ფეხით. უფრო რთული ბურთების გატანა მომწონს…

მიმაჩნია, რომ ლა ლიგა ჩემი თამაშის სტილისთვის შესაფერისია. ლიგა 1-თან სხვაობა ის არის, რომ აქ ყველა მეტოქეს შეუძლია, გებრძოლოს. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორიული სეზონი აღებული ქულების მიხედვით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა…

ცხადია, ტიტულზე ვფიქრობ. ჩვენ შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ საუკეთესო გუნდებს. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მუდამ პირველობისკენ მივილტვი. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ვცდილობთ, თამაშიდან თამაშამდე არ დავკარგოთ კონცენტრაცია…

ჩემპიონთა ლიგა ყველას ოცნებაა. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, ჩემთვის კი ეს გამოცდილება პირველია. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებულმა შედეგებმა იმედგაცრუება მოგვიტანა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხნეობა შევინარჩუნოთ. დიდი იმედი მაქვს, მომავალ სეზონშიც ვითამაშებთ ლიგაზე”, – თქვა 25 წლის ცენტრფორვარდმა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე არიან

ფოტო: მიქაუტაძე მაღაზიაში ფანებს შეხვდა