კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში გაბრიელ სიგუა „ლოზანასა“ და „ფიორენტინას“ შეხვედრის გმირი გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 59-ე წუთზე საჯარიმოში კარგად გაეხსნა და თავით გოლი გაიტანა, რაც ერთადერთი და შესაბამისად გამარჯვების აღმოჩნდა. ამ გოლით შვეიცარიული გუნდი 1/16 ფინალში გავიდა.
70-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 8.2 (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), Sofascore – 7.5.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი “ბაზელიდანაა” განათხოვრებული, “ლოზანაში” კი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ლოზანა – ფიორენტინა 1:0
გოლი: სიგუა(59)
„ლოზანამ“ 11 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს.

საუკეთესო რვა გუნდს შორის გავიდა ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“. უკრაინულმა გუნდმა ბოლო ტურში „რიეკასთან“ 0:0 ითამაშა და მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველი მცველი სათადარიგო იყო.
ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ სტუმრად აეკ-თან 2:3 დამარცხდა. არადა, 90+8-ე წუთამდე იგებდა. ქართველმა ნახევარმცველმა 90+6-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: Sofascore – 6.9, Flashscore – 6.6.
აეკ – უნივერსიტატეა 3:2
გოლები: 0:1 ბაირამი (29), 0:2 ჩიკილდეუ (59), 1:2 ვიდა (65), 2:2 კუტესა (90+8), 3:2 იოვიჩი (90+15, პენ)
„უნივერსიტატეა“ 7 ქულით 25-ე ადგილზე გავიდა და ტურნირს ჩამოშორდა.
გურამ კაშიას „სლოვანმა“ შინ „ჰაკენს“ მოუგო – 1:0. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 7.6, Sofascore – 7.5.
„სლოვანმა“ 6 ქულა მოაგროვა და გავარდა.
მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა 16 იანვარს გაიმართება. პლეი ოფში პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 26 თებერვალს.



GIPHY App Key not set. Please check settings