საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებიდან გიორგი შერმადინის წასვლას ფიბა-ს ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.
36 წლის კალათბურთელმა ეროვნული გუნდის მაისურით 202 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შერმადინმა 6 ევრობასკეტზე და ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ბოლო მატჩი ნაკრების რიგებში მან ესპანეთთან ტენერიფეში გამართა.
„2006 წელს საქართველოში საკალათბურთო პროგრამა განვითარების საწყის ეტაპზე იყო. ქვეყანა ცდილობდა, ისეთი ნაკრები შეექმნა, რომელიც დიდ საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა გიორგი შერმადინი – ცენტრი, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, ამ პოზიციაზე დომინანტ მოთამაშედ ქცეულიყო.
დღეს, 202 მატჩისა და თითქმის 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, შერმადინის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ბოლო ორი შეხვედრისთვის კი სიმბოლური არენა შეირჩა. მატჩი ჯერ თბილისში, გიოს მშობლიურ ნატახტართან სულ 30 კილომეტრში ჩატარდა, შემდეგ ლა ლაგუნაში – ქალაქში, სადაც ბოლო ექვსი წელია, ბრწყინავს.
შერმადინის ბოლო სანაკრებო ფანჯარა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. გიორგი კვლავ „ჩვენ“-ს იყენებდა, როდესაც გუნდის მომავალზე საუბრობდა – თითქოს კვლავ თამაშში იყო. იგივე განცდა ჰქონდა მთავარი მწვრთნელ ალექსანდარ ჯიკიჩსაც. შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა შერმადინის ჩანაცვლება, ჯიკიჩმა პირდაპირ უპასუხა: „არა. იგივე მოხდება შენგელიას, სანაძისა და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით. გვიწევს ადაპტაცია. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მათ გარეშეც გავიმარჯვებთ“.
გიორგი შერმადინმა ეროვნული გუნდის მაისური 2006 წელს მოირგო, ხოლო 2007-ში ევრობასკეტის B დივიზიონში იასპარეზა. 2011 წელს, როცა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, მან ყველა მატჩი ითამაშა და გუნდს მე-11 პოზიციის დაკავებაში დაეხმარა.
თუმცა მისი კარიერის პიკი 2025 წელს დადგა – მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და მერვედფინალში საფრანგეთს სძლია. ქვეყანა პირველად გავიდა მეოთხედფინალში, ხოლო გიორგიმ გადაწყვიტა, ეს მისი სანაკრებო კარიერის ფინალური აკორდი გამხდარიყო.
საკლუბო დონეზე შერმადინის გზა გრძელდება. გასულ ზაფხულს მან „ტენერიფესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და ისევ შეუცვლელი ტანდემი აქვს მარსელინიო უერტასთან. ეს დუეტი ბოლო წლებში ფენომენალურ ფორმაშია – შერმადინი ლიგა ენდესას MVP გახდა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. დარბაზში მარსელინიოც იყო, რათა გიორგისთვის სანაკრებო კარიერის დასრულება პირადად მიელოცა.
სოფლიდან, რომელიც თბილისთან ახლოსაა და რომელშიც ათასი ადამიანიც კი არ ცხოვრებს, მან გზა გაიკვლია ევროპულ საკალათბურთო დარბაზებამდე. ნაკრების მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩი მხოლოდ ერთი ეპიზოდია დიდ თავგადასავალში, რომელიც უამრავ დაუჯერებელ ისტორიას მოიცავს.
და მაინც, გიორგი ყველაფერს ერთითა და იმავე ღიმილით ხვდებოდა – იმ ღიმილით, რომელიც დაგავიწყებთ, რომ პარკეტზე ის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მოთამაშეა.
შერმადინი წავიდა და დიდი სიცარიელე დატოვა – სიცარიელე, რომლის შესავსებადაც მომავალ თაობებს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ“, – წერს ფიბა-ს ოფიციალური გვერდი.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings