14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს თურქეთის წინააღმდეგ, იზმითში გამართავს.
ჩვენმა გუნდმა მატჩამდე ერთი დღით ადრე, თამაშის მასპინძელ ქოჯაელის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მატჩისწინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. თავიდანვე ვიცოდით, რომ ესპანეთი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი იქნებოდა და მეორე ადგილისთვის თურქეთთან და ბულგარეთთან ვიბრძოლებდით.
ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ბევრი დადებითი რამ უნდა აჩვენონ. თურქეთთან პირველი თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა კარგად დავასრულეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე კარგი და აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორია ქართული ფეხბურთის ევოლუცია. ყოველთვის გჭირდება ამბიცია და ოცნება საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ჩვენი ოცნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ფეხბურთელებმა იციან, რომ ამ ოცნების შესანარჩუნებლად კარგი თამაშის ჩატარება გვჭირდება.
მხოლოდ ჩვენი იდენტობითა და ხარისხით შეგვიძლია განსაკუთრებული შედეგის მიღწევა. არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ სტაფის თითოეულმა წევრმა 2–3 პროცენტით ნაკლები რომ გააკეთოს, უშანსოდ ვიქნებით. ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და წინა მატჩთან შედარებით განსხვავებულ თამაშს აჩვენებენ.”
GIPHY App Key not set. Please check settings