გიორგი წიტაიშვილმა ინტერვიუ მისცა თავისი ამჟამინდელი კლუბის, ფრანგული “მეცის” ოფიციალურ საიტს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს…
თქვენ ისრაელში დაიბადეთ, ქართველი მშობლების ოჯახში. როგორი მოგონებები გაქვთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?
იმ დროს მამაჩემი ფეხბურთელი იყო და იქაურ კლუბში, რიშონ ლეციონის “ჰაპოელში” თამაშობდა. ორი წლის ვიყავი, როცა მამამ ეს კლუბი დატოვა. ამის გამო, არ მაქვს ბევრი მოგონება, რომელიც უკავშირდება ისრაელს. ამის მერე ჩვენი ოჯახი გადავიდა კვიპროსში, სადაც 10 წელი ვიცხოვრეთ. მახსოვს, ფეხბურთის თამაში სწორედ ამ ქვეყანაში დავიწყე. კარგი დრო იყო, გართობის გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი…
ფეხბურთი როგორ შეიყვარეთ?
საკმაოდ მშვიდი ბავშვი ვიყავი. ყოველთვის ვუსმენდი მშობლებს და ჩემს თავში ადგილი მხოლოდ ფეხბურთისთვის იყო. სხვა თამაშს არ ვთამაშობდი. ამასთან, მე ფეხბურთელების ოჯახში დავიბადე. სულ პატარა ასაკიდან დავდიოდი თამაშებზე. მულტფილმებს საერთოდ არ ვუყურებდი…
მამა უაღრესად პატიოსანი ადამიანია. სულ მეუბნებოდა, რომ მნიშვნელოვანი იყო, კარგ ფეხბურთელობამდე კარგი ადამიანი ვყოფილიყავი. ის ყველას პატივს სცემდა და მეც ვცდილობ, სწორედ ასე ვიცხოვრო. ჩემი მშობლები დღემდე საქართელოში ცხოვრობენ.
12 წლისა კიევის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხეთ. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში?
იმ დროს კიევის “დინამოს” აკადემიას ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების კუთხით ძალიან კარგი სახელი ჰქონდა. უკრაინული ფეხბურთი ფიზიკურად ძლიერია, მე კი პატარა და სუსტი ვიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ უკრაინაში წასვლა დამეხმარებოდა ფიზიკურად გაძლიერებაში, წინსვლასა და ტექნიკიკის შენარჩუნებაში. იქ მარტო წავედი, ჩემი მშობლები და ორი უფროსი და კი კვიპროსში დარჩნენ.
ეს არ იყო ადვილი პერიოდი, რადგან 12 წლის ვიყავი და იმავე ბაზაზე მეძინა, სადაც ვვარჯიშობდი. შორს აღმოვჩნდი ჩემი საყვარელი ადამიანებისგან. სკოლაში არაფერი მესმოდა, მაგრამ მქონდა ერთადერთი ოცნება – გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი.
ერთი სიტყვით, გავძელი. ამ პერიოდმა ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. უკრაინაში ჩასვლამდე ორი თვე “ლა მასიაში” ვიყავი. ჩემი ოცნება ახდა. ვნახე “ბარსელონას” დიდი გუნდის რამდენიმე მატჩი. სავიზო პრობლემების გამო, ესპანური თავგადასავალი მალევე დასრულდა. რთული იყო მთელი ოჯახით ესპანეთში გადასვლა…
კიევის “დინამოში” დებიუტი 17 წლისას გქონდათ. შემდეგ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეთ…
მეორე ან მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი, ვინც კიევის “დინამოში” ითამაშა. უკრაინასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვისწავლე ენა და ყველა სანაკრებო საფეხური გავიარე. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება წარმოუდგენელი რამ იყო. ზუსტად იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც ნახევრად უკრაინელია.
როცა ომი დაიწყო, ეს უბრალოდ საშინელება იყო. რთულია ისეთი ქვეყნის დატოვება, სადაც თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. იქ კიდევ ცხოვრობს ჩემი რამდენიმე მეგობარი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება.
სანამ საქართველოში დასახლდებოდით, პოლონეთში გაემგზავრეთ. იქ ცოტას თამაშობდით. როგორ შეძელით ამ ცვლილებების გადალახვა?
მე ქართველი ვარ, მაგრამ იქამდე საქართველოში არ მიცხოვრია. ჩემი ქვეყნისთვის უნდა დამემტკიცებინა ჩემი ღირებულება. ჩემმა აგენტმა, რომელიც მამას აგენტიც იყო, დამარწმუნა, რომ იქ გადავსულიყავი. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. იქ მცხოვრები ადამიანების სიკეთის წყალობით თავდაჯერებულობა დავიბრუნე, ცუდი პერიოდი გადავლახე. მათ სურდათ ჩემი წარმატების ნახვა. რაც შეეხება ბოლო სეზონს, ის “გრანადაში” გავატარე.
გამოდის, რომ როცა საქართველო აირჩიეთ, ეს ბუნებრივი არჩევანი იყო?
დიახ. ეს გადაწყვეტილება მე დიდი ხნის წინ მივიღე. ვიცოდი, რომ თუ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ერთ ოფიციალურ შეხვედრას მაინც ჩავატარებდი, საქართველოს მთავარ გუნდში ვეღარ ვითამაშებდი. არადა, ბაბუას ოცნება იყო, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. სამწუხაროა, რომ მან ვერცერთი ჩემი სანაკრებო მატჩი ვერ ნახა…
გამიმართლა – საქართველოს ნაკრებთან ერთად ვითამაშე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა იცის, თუ როგორ წარმოაჩინოს ყველა ფეხბურთელში საუკეთესო თვისებები და შექმნას ნამდვილი გუნდი. შესანიშნავი თამაშები ჩავატარეთ. კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია. ახლა ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ გიორგი აბუაშვილთან?
აქ ჩამოსვლამდე მას არ ვიცნობდი. მამამ მითხრა მისი სათამაშო თვისებების შესახებ. შესანიშნავია, რომ გუნდში ორი ქართველი ვართ. აი, სამნი თუ ვიქნებით, შესაძლოა, ვითარება უკვე გართულდეს (იცინის). მას რჩევებს ვაძლევ, რომ სწრაფად გაიაროს ადაპტაცია. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა.

lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings