გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა ახალ გუნდში და „ვილიარეალს“ თამაშის გადარჩენაში დაეხმარა. მასპინძლები კაცნაკლულ „ოსასუნასთან“ პირველ ტაიმს 0:1 აგებდნენ, როდესაც მეორე ტაიმში ცალკარა გაუშვეს, მაგრამ დაცვაში მჭიდროდ მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს. 69-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში კარგად გაიხსნა, ზუსტად დახვდა ბურთს და თავით კუთხეში გადაგზავნა. ანგარიში გათანაბარდა და ფრთაშესხმული „ვილიარეალი“ მოსაგებად გაიწია, გამოუვიდა კიდეც – 2:1.
ქართველი ფორვარდი საკმაოდ აქტიური იყო, პირველ ტაიმშიც ქმნიდა ხიფათს, ხოლო მეორეში, როდესაც „ვილიარეალი“ მთელი გუნდით უტევდა, მუდმივად ეძებდა ხელსაყრელ პოზიციებს. უნდა ითქვას, რომ რამდენჯერმე პარტნიორებმა პასი არ მისცეს, არადა ჟორჟი უკეთეს ადგილზე იყო ხოლმე. 1:1-ზე კი ჩაწოდებულზე მეკარის საჯარიმოსთან მცველს დაასწრო და ბურთი კარს ზემოდან მცირე მანძილით გადააცილა, თორემ დუბლი და გმირობა გარდაუვალი იქნებოდა.
შეფასებები: Whoscored – 7.6, Sofascore – 7.4 ქულა, Flashscore – 7.3.
მიქაუტაძე მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა. მანამდე ლა ლიგაში ერთადერთი გოლი „რეალ სოსიედადში“ მოთამაშე გიორგი დემეტრაძეს ჰქონდა გატანილი, 24 წლის წინ „სევილიასთან“.

ვილიარეალი – ოსასუნა 2:1
გოლები: 0:1 ბუდიმირი (45+6, პენ), 1:1 მიქაუტაძე (69), 2:1 გუიე (86)
„ვილიარეალი“ 10 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 სექტემბერს სტუმრად „სევილიასთან“ ჩაატარებს.

GIPHY App Key not set. Please check settings