ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „კადისში“ შესანიშნავი სტარტის (2 მატჩში 3 გოლი) შემდეგ იური ტაბატაძის მიმართ ინტერესი ლა ლიგის „სევილიამ“ გამოავლინა – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Orgullobiri ავრცელებს.
„ესპანურ საფეხბურთო სცენაზე იური ტაბატაძე გამოჩნდა. ქართველმა გარემარბმა, რომელიც „კადისმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დაიმატა, ორ მატჩში სამი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უკვე გავრცელდა ჭორები ლა ლიგის კლუბების ინტერესის შესახებ, რომელთა შორის „სევილიას“ სახელიც ახსენეს.
25 წლის ტაბატაძე ზუსტი, ძლიერი დარტყმებით და თამაშის ბედის ბოლო წუთებზე გადაწყვეტის უნარით გამოირჩევა. ქართული ფეხბურთის ექსპერტი და სკაუტი ჰექტორ ფიდალგო ამბობს, რომ მას აქვს პოტენციალი, ითამაშოს ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „ატლეტიკო“, „ვილიარეალი“, „სევილია“. ტაბატაძეს „კადისთან“ სამწლიანი ხელშეკრულება კი აკავშირებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ლა ლიგა 2-ში მას დიდხანს არავინ გააჩერებს და გუნდს კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს.
„სევილიას“, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ცდილობს, ტაბატაძის სახით საინტერესო მოთამაშის შეძენა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა, ქართველის სახელი ახალი ტალანტების სიაში უკვე ფიგურირებს.
ტაბატაძის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სადებიუტო მატჩში „ალბასეტესთან“ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ „რეალ სოსიედად B“-სთან დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. მისმა თამაშმა მაღალი დონის კლუბების ყურადღება მიიპყრო.
ამჟამად ტაბატაძე „კადისზეა“ ორიენტირებული, მაგრამ მისი სახელი უკვე ყველამ იცის. „სევილიას“, რომელსაც სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, შეიძლება გაუჩნდეს ოქროს შანსი, შეტევა ახალი, კონკურენტუნარიანი მოთამაშით გააძლიეროს“, – წერს ესპანური გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings