in

დავაგვიანეთ: საქართველომ მსოფლიო წაგებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ გამართა და წააგო – 2:3.

პირველი ტაიმი თურქეთის ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაიზარდა. 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა. მიუხედავად რამდენიმე საგოლე შესაძლებლობისა, დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ცოტა დავაგვიანეთ და მერე აღარც დრო გვეყო და ჩამორჩენაც იმხელა იყო, რომ ერთი თამაში არ ეყოფოდა.
ვაღიაროთ, მატჩის ბოლო ნაწილს თუ არ ჩავთვლით (უფრო მას შემდეგ, რაც თურქებს კაცი გაუგდეს), მოგებას არ ვიმსახურებდით. სტუმრები აკონტროლებდნენ ბურთს, ტემპს, ცენტრს, ჰქონდათ პრესინგი, ჩვენები უშვებდნენ ზოგჯერ ბავშვურ შეცდომებს, ვერ ამოჰქონდათ სათანადად ბურთი, პროდუქტიული არ ყოფილა მიქაუტაძე, არადამაჯერებელი იყო მამარდაშვილი, ხოლო ხვიჩა რატომაც არის ხვიჩა, მხოლოდ თამაშის დასკვნით ნაწილში ვიხილეთ, რომელმაც მისი საყვარელი ფინტი (ფლანგიდან შეწევა და დარტყმა) ზედიზედ სამჯერ გააკეთა და აკი ერთი დაუფასდა კიდეც. ოღონდ უკვე ძალიან გვიანი იყო…

ნაადრევად გაშვებულმა გოლმა იმოქმედა, ბევრი ჩვენიანის უთამაშებლობამ, ნერვიულობამ, შვებულებებმა თუ რაც იყო, ფაქტია, ეს არ იყო ჩვენი დღე და თამაში და ცხრილში უპრინციპულესი შეხვედრის შემდგ 0 ქულა გვიწერია, არადა არ არის გამორიცხული სწორედ ეს წაგება გამოდგეს გადამწყვეტი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველო – თურქეთი 2:3

გოლები: 0:1 მიულდური (3. გიულერის პასით), 0:2 აქთურქოღლუ (41), 0:3 აქთურქოღლუ (52. აქგიუნის პასით), 1:3 დავითაშვილი (63), 2:3 კვარაცხელია (90+8)

საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე (85. გოჩოლეიშვილი), გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი (63. აზაროვი) – წიტაიშვილი (46. ნ. გაგნიძე), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (81. გულიაშვილი), დავითაშვილი – კვარაცხელია, მიქაუტაძე

თურქეთი: ჩაქირი – მიულდური, ბარდაქჩი, დემირალი, ელმალი – ჩალჰანოღლუ, იუქშექი (46. ქოქჩუ) – აქგიუნი (66. აიდინი), გიულერი (86. ქაჰვეჩი), ილდიზი (79. ქადიოღლუ) – აქთურქოღლუ (66. ილმაზი)

გაფრთხილება: იუქშექი (21), ლოჩოშვილი (39), კაკაბაძე (40), ქოჩორაშვილი (73), ილდიზი (74), მიქაუტაძე (90), ჩალჰანოღლუ (90+10)
გაძევება: ილმაზი (71) ვილი სანიოლი (71).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს გამართავს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბულგარეთს უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წავაგეთ, მაგრამ მოგებული დავრჩით: საქართველო ევრობასკეტის პლეი-ოფშია

გვჭირდება მოთამაშეები, რომელთაც პრაქტიკა აქვთ და არა მგონია ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს…