“დინამო თბილისსა” და ინგლისურ “უოტფორდს” შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის მარტში “სამგურალის” წინააღმდეგ შედგა.
მადლობას ვუხდით ნიკოლოზს “დინამოში” გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე”, – წერია თბილისის “დინამოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაშ ასე, კიდევ ერთი, ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა ლეგიონერი. “უოტფორდმა”, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი უკვე წარუდგინა საფეხბურთო საზოგადოებას:
“უოტფორდმა დაასრულა ძალიან საინტერესო, ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერი. ქართველი კლუბში დაუზუსტებელი თანხის სანაცვლოდ გადმოვიდა. კლუბი მუშაობს მის იჯარით გაშვებაზე, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა “ვინგერის” განვითარებას.
ჩიქოვანი არის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. მან გასულ წელს ვიტალი დარასელიას თასზე ითამაშა “უოტფორდის” წინააღმდეგ და ჩვენი გუნდის კარში გოლიც გაიტანა.
“ნიკოლოზი არის ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი, რეალური პოტენციალით. მას შეუძლია თამაში ორივე ფლანგზე. ვნახეთ, როგორ შედიოდა ფლანგიდან ცენტრში… აქვს გოლის გატანის უნარი. მისი საფეხბურთო პროფილი იდეალურად ჯდება ჩვენს გემოვნებაში”, – განაცხადა ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორის თანაშემწემ, ვალონ ბეჰრამიმ (შვეიცარიის ნაკრებისა და “ლაციოს” ყოფილი ნახევარმცველი).
როგორც ინგლისური კლუბი აცხადებს, ისინი მუშაობენ ჩიქოვანის განათხოვრებაზე, რაც ახალგაზრდა ქართველს ფიზიკურად მოაძლიერებს, გარკვეულ საფეხბურთო ასპექტებში მოუმატებს და მერე მზად იქნება “უოტფორდის” ძირითადში მოსახვედრად.
ჩვენი ინფორმაციით, სრულიად რეალურია, ჩიქოვანი “უოტფორდმა” ერთ-ერთ ბელგიურ კლუბში (ლაპარაკი იყო “შარლერუაზე”) გაანათხოვროს. არის სხვა ვარიანტებიც.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings