„ლივერპულის“ ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც „პრესტონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში პირველად მოირგო ინგლისური გრანდის მაისური. მან არ დამალა სიხარული, რომ პირველი ქართველია, ვინც „ლივერპულში“ ითამაშებს.
გიორგი, პირველად გესაუბრებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლივერპულში“. როგორია თქვენი განწყობა და რას ნიშნავს თქვენთვის „ლივერპულის“ ფეხბურთელობა?
ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია, „ლივერპულში“ გადასვლა არა მხოლოდ ტრანსფერი, არამედ ჩემი ოცნების ახდენაცაა. ამაყი და მოტივირებული ვარ.
„ლივერპულში“ გადასვლაზე გასულ ზაფხულს დათანხმდით – როგორი გრძნობა გქონდათ მაშინ?
როდესაც შეთავაზება მივიღე, ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს „ლივერპულის“ ფეხბურთელობა.
ცოტა ხნის წინ კლუბისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო დიოგო ჟოტასა და ანდრე სილვას ტრაგიკული დაღუპვის გამო. რამდენად გაერთიანდა ამ დროს გუნდი და თქვენ, როგორც ახალწვეულმა იგრძენით თუ არა თანაგუნდელების მხარდაჭერა?
დიახ, ეს კლუბისთვის ძალიან რთული მომენტი იყო. მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს უჭერს მხარს და ვხედავ, რომ „ლივერპული“ დიდი ოჯახია. ჩვენ უბრალოდ გუნდი არ ვართ, ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ვზრუნავთ.
თქვენ არასდროს გითამაშიათ დიოგოსთან ერთად, მაგრამ ითამაშეთ მის წინააღმდეგ ევრო 2024-ზე, ასე რომ, იცით, რამდენად კარგი მოთამაშე იყო ის. მაგრამ „ენფილდსა“ და მთელ მსოფლიოში მის მიმართ გამოვლენილი პატივისცემა აჩვენებს, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო.
მე არ მქონია მასთან ერთად თამაშის შანსი, მაგრამ ევრო 2024-ზე მის წინააღმდეგ ვითამაშე და დავინახე, რა საოცარი მოთამაშე იყო. ვხედავ და ვგრძნობ, რა საოცარი ადამიანი იყო მოედნის მიღმაც.
ახლა აქ ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გასულ სეზონშიც ყურადღებით ადევნებდით თვალყურს „ლივერპულის“ თამაშებს. ეს საკმაოდ დატვირთული სეზონი იყო…
რა თქმა უნდა. ყველა თამაშს სხვა ემოციით ვუყურებდი, თითქოს უკვე გუნდის ნაწილი ვიყავი.
პრემიერლიგის ტიტულის მოგება და შემდგომი ზეიმი როგორი გრძნობა იყო – გაგიჩნდა თუ არა კიდევ უფრო მეტად „ლივერპულში“ თამაშის სურვილი?
დიახ, საოცარი იყო იმის ყურება, თუ როგორ აღნიშნავდნენ გულშემატკივრების წარმატებას გუნდთან ერთად. ეს იყო ნათელი მაგალითი, თუ რამდენს ნიშნავს „ლივერპული“ მათთვის.
თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელიც „ლივერპულში“ ჩაირიცხა. რას ნიშნავს ეს ფაქტი ქართველებისთვის?
ვამაყობ, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ვინც „ლივერპულში“ ითამაშებს და ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისა და ქართველი ხალხისთვის.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საქართველოში, როდესაც თქვენი ტრანსფერი გამოცხადდა?
არასდროს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი გავაფორმე. საქართველოში საოცარი ამბები ხდებოდა. უამრავი შეტყობინება მივიღე ყველა ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული იყო.
შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი განვლილი გზის შესახებ, სანამ „ლივერპულის“ მოთამაშე გახდებოდით? ქართული ფეხბურთის გავლით და შემდეგ 20 წლის ასაკში ესპანეთში გადასვლით…
ჩემი კარიერა საქართველოში დაიწყო. სამი წლის განმავლობაში უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი და თანდათან ეროვნული ნაკრების წევრიც გავხდი. 20 წლის ასაკში ესპანეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და იქ დავიწყე ჩემი ახალი ცხოვრება, სადაც შევისწავლე ახალი ენა, გავეცანი კულტურას და ხალხს. პირველი წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო.
წავიკითხე, რომ როდესაც „ვალენსიაში“ გადახვედით, ესპანურად არ საუბრობდით, ოთხი წლის შემდეგ კი იქ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდით. რამდენად განვითარდით იქ?
„ვალენსიამ“ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. პირველი წელი ძალიან რთული იყო, რადგან ენა არ ვიცოდი. სწრაფად მივხვდი, რომ თუ მაღალ დონეზე თამაში მინდოდა, ენა უნდა მესწავლა, ადაპტაცია გამევლო და ყოველდღიურად მემუშავა საკუთარ თავზე. ახლა კი პრემიერლიგის ისტორიაში უდიდეს კლუბში ვარ.
„ვალენსიის“ მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენა „ლივერპულში“ მუშაობდა. გითხრათ რამე იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ აქ?
დიახ, რა თქმა უნდა. ოჩოტორენა საოცარი ადამიანი და ფანტასტიკური მწვრთნელია. მინდა, მადლობა გადავუხადო. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც „ლივერპულის“ შეთავაზების შესახებ ვესაუბრე და პირდაპირ მითხრა – უბრალოდ, მოაწერე ხელი კონტრაქტს. მან იცის, რამდენად დიდი კლუბია „ლივერპული“. მადლობა ყველაფრისთვის და მალე გნახავ, ოჩოტორენა.
დარწმუნებული ვარ, განვითარება გსურთ და სწორედ ამიტომ შეუერთდით „ლივერპულს“, რათა კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგათ…
რა თქმა უნდა. ბავშვობაში YouTube-ზე ყოველთვის ვუყურებდი მეკარეების თამაშის ვიდეოებს და მახსოვს „ლივერპულის“ რამდენიმე მეკარე – ერჟი დუდეკი, პეპე რეინა და ახლა ალისონ ბეკერი. „ლივერპულს“ შესანიშნავი მეკარეები ჰყავდა და მინდა, რომ ამ სიაში ჩემი გვარიც ჩავწერო.
თქვენ უერთდებით „ლივერპულის“ ნამდვილად ნიჭიერ მეკარეთა გუნდს, რომელსაც ალისონი ხელმძღვანელობს. რამდენად აღფრთოვანებული ხართ მისით?
რა თქმა უნდა, ალი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ძალიან მიხარია, რომ მასთან ერთად მომიწევს მუშაობა.
რამდენად კმაყოფილი ხართ, რომ ყოველდღიურად სწავლობთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარისგან?
მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას და მისგან სწავლას.
მაგრამ, ცხადია, აქ სათამაშოდ ჩამოხვედით და კონკურენციისთვის მზად ხართ?
რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება. მიყვარს გამოწვევები და აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო.
ევრო 2024-ზე, სადაც ძალიან კარგად ითამაშეთ, საკმაოდ ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრის ყურადღება მიიქციეთ. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი მეკარე ხართ?
არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი საუბარი. ვფიქრობ, რომ ძალიან მშვიდი, კონცენტრირებული და ძალიან სწრაფი მეკარე ვარ.
ზაფხულში, გარიგება რომ შედგა და ახლაც, ალბათ მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტსა და კლუბის პერსონალს ესაუბრეთ. რა გითხრეს?
როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, არნე სლოტს შევხვდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვითამაშებ.
ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და „პრესტონის“ წინააღმდეგ პირველი 45 წუთი ითამაშეთ. ეს იყო თქვენი პირველი შეხვედრა „ლივერპულის“ გულშემატკივრებთან…
დიახ, „ლივერპულის“ გულშემატკივრების წინაშე პირველად ვითამაშე და ეს ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად საამაყო მომენტი იყო, რომელმაც მომცა მოტივაცია, რომ გავაგრძელო განვითარება და ყველაფერი გავაკეთო ამ კლუბისთვის.
რის მიღწევას იმედოვნებთ „ლივერპულში“, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურად?
ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს და მეც მინდა, ამ ისტორიის ნაწილი ვიყო.
დაბოლოს, გაქვთ რაიმე გზავნილი „ლივერპულის“ გულშემატკივრებისა და ამ ინტერვიუს წამკითხველი ქართველებისთვის?
დიახ, რა თქმა უნდა. ვიცი, რა პასუხისმგებლობაც არის ამ მაისურის ტარება. ამ კლუბის ლოგო ძალიან ბევრს ნიშნავს უამრავი ადამიანისთვის. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ყველა ვარჯიშზე, ყველა მატჩში ჩემი საუკეთესო თვისებები ვაჩვენო, გუნდს დავეხმარო და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა დავიმსახურო.
მინდა, რამდენიმე სიტყვა ქართულად ვთქვა და გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს. ვამაყობ, რომ ამ დიდებულ კლუბში საქართველოს წარმოვადგენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო იამაყოთ.

1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings