კიდევ ერთი ისტორია დაიწერა: ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთ უდიადეს გუნდში ითამაშა – გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ დებიუტი ჰქონდა. თუმცა ისტორიის წერა აწი იწყება.
ქართველი მეკარის გუნდმა სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ქვედალიგელი „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართა და მოიგო – 3:1 (1:0).
მამარდა ძირითადში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა. ბევრი სამუშაო არ ჰქონია, ერთხელ ბურთი მუშტით მოიგერია, ერთ ეპიზოდში კი საგოლე პასის შესრულებასთან იყო ახლოს, ფედერიკო კიეზა მეკარესთან პირისპირ დატოვა.
„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს ითამაშებს, საკუთარ „ენფილდზე“ „მილანს“ შეხვდება.
გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით „ლივერპულში“. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ლეგენდარულ კლუბში ითამაშა.
ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისა და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – დაწერა მამარდაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings