in

დღეს კვარას მსოფლიოს ფინალი აქვს

დღეს, 13 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს და კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის მომგები პსჟ კონფერენს ლიგის გამარჯვებულ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.
„მეტლაიფ სთედიუმზე“ მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

„ჩელსიმ“ ფინალამდე ექვსიდან ხუთი მოიგო („ბენფიკასთან“ დამატებით დროში) და ის ერთი ჯგუფში „ფლამენგოსთან“ 1:3 წააგო. უნდა ითქვას, რომ ლონდონელებს პლეი-ოფში შედარებით იოლი გზა შეხვდათ.
„ჩელსის“ ტრავმის შემდეგ მოიზეს კაისედო უბრუნდება, თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს ტრავმები კვლავ აწუხებთ, ბადიაშილესა და მადუეკეს თამაში საეჭვოა.

პსჟ-მაც ჯგუფში ერთი წააგო, ასევე ბრაზილიურ გუნდთან „ბოტაფოგოსთან“ (0:1), თუმცა პლეი-ოფში მაგრად ითამაშა – „ინტერ მაიამისთან“ 4:0, მიუნხენის „ბაიერნთან“ 2:0 და მადრიდის „რეალთან“ 4:0. პლეი-ოფში გუნდს გოლი არ გაუშვია.

პსჟ-ს შემადგენლობა უცვლელი უნდა იყოს, დისკვალიფიცირებულ პაჩოს ისევ ბერალდო შეცვლის და დემბელე კვლავ ძირითადში იქნება.

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას ბოლო მატჩში დაღლა დაეტყო, მაგრამ ასე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კვლავ ძირითადში და მარცხენა ფლანგზე იქნება.

პარიზში კი დიდი აჟიოტაჟია, ფანები სეზონში მეხუთე ტიტულის მოპოვების მოლოდინში არიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათ თამაშის ელისეს მინდვრებზე ყურების და ზეიმის უფლებას არ მისცემს. მიზეზი ნებისმიერი არეულობის თავიდან აცილებაა, რის გამოც არც ტრანსპორტი იმუშავებს დამატებით საღამოს და მაღაზიებიც ადრე დაიკეტება. პარიზში წესრიგს 11 500 პოლიციელი დაიცავს.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება და ისიც აღნიშნა, რომ ტურნირი ძალიან წარმატებული იყო: „ტურნირზე ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოვიმუშავეთ, საშუალოდ 31 მილიონი თითოეულ მატჩზე. ვერცერთი ტურნირი ამ მხრივ საკლუბო მუნდიალთან ახლოსაც ვერ მივა“, – აღნიშნა მსოფლიო ფეხბურთის თავკაცმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბუაშვილით ბრისტოლი და სამი ესპანური კლუბი დაინტერესდა