in

კვერნაძე კალიარის უახლოვდება

“კალიარი ნიუსის” ინფორმაციით, გიორგი კვერნაძე ახლოს არის სარდინიულ კლუბში გადასვლასთან. საქმე ისაა, რომ “კალიარის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა გვიდო ანჯელოცი, რომელიც ამავე თანამდებობაზე “ფროზინონეში” (სერია B) მუშაობდა და 22 წლის ქართველ შემტევს კარგად იცნობს.

როგორც ჩანს, ანჯელოცი მიიჩნევს, რომ კვერნაძე იმსახურებს სერია A-ში თამაშს და “კალიარი” მას ამის საშუალებას მისცემს. გასული სეზონის მეორე ნახევარში გიორგი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა “ფროზინონეს” ძირითად შემადგენლობაში და აკი რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა.

სულ კვერნაძემ ლურჯ-ყვითელი მაისურით ჩემპიონატის 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ “ფროზინონე” მხოლოდ “ბრეშასთვის” ქულების დაკლების ხარჯზე გადაურჩა სერია B-ს გასავარდნ პლეი-აუტში მოხვედრას.

რაც შეეხება “კალიარის”, გასული სეზონი გუნდმა მე-15 ადგილზე დაასრულა. ცხადია, ეს შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი კლუბისთვის, რომელიც ერთ დროს იტალიის ჩემპიონიც (1969/70) ყოფილა და რომლის შემადგენლობაშიც წარსულის არაერთ ვარსკვლავს (ენრიკო ალბერტოზი, ჯიჯი რივა, რობერტო ბონინსენია…) უთამაშია…

11 ივნისიდან გუნდს ხელმძღვანელობს 39 წლის იტალიელი სპეციალისტი ფაბიო პიზაკანე, რომელსაც აქამდე მხოლოდ “კალიარის” ასაკობრივი გუნდების სისტემაში უმუშავია.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძის სანაცვლოდ ეპოლი სანდერლენდს და ნოტინგემს 10 მილიონ ევროს სთხოვს