ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 ივნისს დაიწყო. მამაკაცთა შეჯიბრებაში ორი ქართველიც ჩაება. ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 125-ე) სტარტზე პაბლო ლიამას რუისს (ესპანეთი, 566-ე) დაუპირისპირდა.
შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:3 მოიგო. მეორეში ჩვენებური 3:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე ინიციატივას ესპანელი დაეუფლა და სეტიც გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4. მესამე სეტში ბასილაშვილმა აშკარად აჯობა მეტოქეს, გაიმარჯვა 6:3 და მეორე წრეში გავიდა. ნიკამ მატჩში 8 ეისი მიითვალა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ესპანელი 5 ეისით დაკმაყოფილდა და ორჯერ შეცდა. ბასილაშვილი მეორე წრეში 21 წლის ჩაკ ლამ კოლემან ვონგს (ჰონგკონგი, 172-ე) შეხვდება. ამ უკანასკნელმაც სტარტზე ესპანელი ჩოგბურთელი ჩამოიშორა გზიდან – პოლ მარტინ ტიფონი (207-ე) – 6:3, 6:4.
უიმბლდონის ტურნირზე პირველად მოსინჯა ძალები საბა ფურცელაძემ (249-ე). დებიუტი, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა – დებიუტანტი შვეიცარიელ დომინიკ სტეფან შტრიკერთან (228-ე) დამარცხდა – 3:6, 2:6.
დიდ ბრიტანეთში ჩოგბურთელ ქალთა ჩელენჯტურნირის წყვილთა შეჯიბრებაში იასპარეზა თბილისელმა ოკსანა კალაშნიკოვამ, მაგრამ სტარტზე იგი ქვინ გლისონთან (აშშ) ერთად მეოთხე ნომრად განთესილ ბარბორა კლეიჩიკოვასა (ჩეხეთი) და იელენა ოსტაპენკოს (ლატვია) დუეტს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 3:6.
GIPHY App Key not set. Please check settings