in

დიდი გაკვეთილი მივიღეთ: რაზე წყდება გული რამაზ სვანაძეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიასთან 0:4 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

რამაზ სვანაძე:

„წითელმა ბარათმა მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები. პორტუგალიას ნაკრების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და მინდა მათ ჩემპიონობა ვუსურვო. პორტუგალიამ იცის, თუ როგორ გამოიყენოს რიცხობრივი უპირატესობა, რომელიც შეხვედრის დასაწყისში მიიღო. გაძევების შემდეგ დასანანი გოლი მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. ყველაფერმა ერთად იჩინა თავი – დაღლილობა, ემოციებმა.

დიდი გაკვეთილი მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ველით მომავალ თაობას და ვიმედოვნებ, რომ ამ გუნდიდან ბევრი შეაღებს ეროვნული ნაკრების კარს. ვიბრძოლებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ეს სჭირდება მომავალ თაობას და ქართულ ფეხბურთს.

ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვიასპარეზეთ. ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ბევრ რამეზე მწყდება გული, თუმცა ყველაზე მეტად იმაზე, რომ არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ფაქტია და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დავკარგეთ ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი. ამას დაემატა საზონოვის ჯერ გმირობა და შემდეგ ტრავმა. მისი ადგილი იაკობიძემ დაიკავა და საკმაოდ კარგად ითამაშა. სამწუხაროდ, გუნდის ლიდერებს, რომელთაც დიდი როლი აქვთ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში, დაეტყოთ უთამაშებლობა. მათ აუცილებლად უნდა დაიწყონ თამაში. ეს სჭირდებათ მათ და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფორტუნამ ზურგი გვაქცია: საქართველომ წააგო და ევროპა ჩვენს გარეშე გრძელდება

ქართული გუნდების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია