საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მარტინში მორიგი ვარჯიში გამართა, რომლის დაწყებამდე ქართულ მედიას საფრანგეთთან მატჩში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, თავდამსხმელი გიორგი აბუაშვილი ესაუბრა, რომელმაც წაგებულ (2:3) შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა…
მძიმე მატჩის შემდეგ როგორ განწყობაზე ხართ?
დავიწყეთ პორტუგალიასთან თამაშისთვის მზადება და ვცდილობთ, საფრანგეთთან მატჩი ყველანაირად დავივიწყოთ. მესამე თამაშისთვის ყველანი ძალიან მობილიზებულები ვართ. მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ამ თამაშებმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო. ხასიათს და განწყობას რაც შეეხება, გუნდში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა და ყველა მზადაა, მათ შორის, მენტალურადაც. პორტუგალიასთან საბრძოლველად გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის!
საფრანგეთთან ფიზიკურადაც მძიმე მატჩი იყო…
რა თქმა უნდა! პოლონეთთანაც მძიმე შეხვედრა იყო და საფრანგეთთან – მით უმეტეს. მაგრამ პროფესიონალები ვართ და ვიცით, ასეთი მატჩების შემდეგ თავს როგორ მოვუაროთ. ამიტომ, პორტუგალიასთან ფიზიკურადაც ყველა მზად იქნება.
მოედანზე თქვენი შესვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა – ბურთიც გაიტანეთ და საგოლე პასიც შეასრულეთ. ეს ემოცია გაიხსენეთ…
ბედნიერი ვარ ჩემი გოლის გამო! ნაკრებში ჩატარებული ყოველი წუთი სასიამოვნოა, მით უფრო – გოლი, რომელიც ჩემთვისაც მაგარი შეგრძნებაა და ყველა ფეხბურთელისთვისაც. რაც შეეხება თამაშისშემდგომ ემოციებს, რთული იყო, მაგრამ ფრანგებთან მატჩი ყველა ჩვენთაგანისთვის დავიწყებულია და ახლა უკვე პორტუგალიასთან თამაშზე ვართ გადართულები.
პორტუგალიამ ორივე მატჩი ჩაატარა ტრენჩინში, სადაც საქართველოსაც მიიღებენ. ეს მათ დამატებით უპირატესობას ხომ არ მიანიჭებსთ?
არა მგონია, რადგან რეალურად მათთვისაც გასვლითი თამაშია. ამიტომ ეს ჩვენზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
საფრანგეთთან გამოჩნდა, რომ 21-წლამდელთა ნაკრებს საკმაოდ ბევრი შეუძლია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ეს ბოლომდე თავადაც არ გჯეროდათ…
ეს წაგება ჩვენზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ეს ფეხბურთია და ყველას გათავისებული გვაქვს, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ამ ნაკრებმა კი ბევრჯერ დაამტკიცა, რომ აქვს ხასიათის სიმტკიცე და ერთობა.
წინა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიელი 21-წლამდელები რომ დავამარცხეთ ჯგუფის პირველ მატჩში, ეს რამეს ცვლის?
ჩვენ ახლა მხოლოდ უშუალოდ თამაშზე ვართ ორიენტირებულები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულოთ და ვიბრძოლოთ ჯგუფიდან გასასვლელად.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings