ჩემპიონთა ლიგის ოთხეული დაკომპლექტდა. მოლოდინი არ გამართლდა და „რეალმა“ ვერ მოახერხა სათანადო წნეხის ქვეშ მოექცია „არსენალი“ და ქამბექი შემოეთავაზებინა. ლონდონური გუნდი დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისში მის სასარგებლოდ დანინული პენალტი მართლაც საკამათო იყო, ხოლო მალევე უკვე „არსენალის“ კარში აღარ დანიშნეს დაახლოებით იდენტური ჯარიმისთვის პენალტი. რომ არა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა თამაშს სხვა სცენარი და ხასიათი მიეღო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. „რეალმა“ ვერ ითამაშა სამეფო გუნდივით, არც ცალკეულ ფეხბურთელებს ჰქონიათ საუკეთესო მატჩი და შედეგიც ლოგიკური დადგა.
აი „ინტერი“ და სიმონე ინძაგი კი ყოჩაღ. „ბაიერნის“ გაგდება სახუმარო საქმე არ არის, თანაც მიუნხენელებმა შეძლეს დაწინაურება, მაგრამ მასპინძლები არ გატყდნენ და იქით გაუტანეს ორი, ხოლო ანგარიშის გაყაიმების შემდეგ ბოლომდე მედგრად დაუდგნენ და ბავარიელებს სასიცოცხლოდ აუცილებელი გოლი აღარ გაატანინეს.

ინტერი – ბაიერნი 2:2
გოლები: 0:1 კეინი (52), 1:1 მარტინესი (58), 2:1 პავარი (61), 2:2 დაიერი (76)
„ბაიერნი“ ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან.
„ინტერი“ ბოლო სამ გათამაშებაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
“ინტერის” ისტორიაში სიმონე ინძაგი ერთ-ერთია იმ ორი მწვრთნელიდან, რომელმაც მთავარი ევროტურნირის ნახევარფინალს მინიმუმ ორ განსხვავებულ სეზონში მიაღწია. მანამდე ეს ელენიო ერერამ შეძლო ზედიზედ 4-ჯერ – 1963/64-1966/67 წლებში.
ლაუტარო მარტინესი გახდა პირველი უცხოელი მოთამაშე “ინტერის” ისტორიაში, რომელმაც ყველა ტურნირზე 150 გოლი გაიტანა. მთლიანობაში, ის მეექვსეა, ვინც შავ-ლურჯი მაისურით ამ ნიშნულს მიაღწია.
ჰარი კეინს „ბაიერნის“ რიგებში 87 მატჩში 79 გოლი აქვს გატანილი.
წინა სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ჰარი კეინი (“ბაიერნი”) პირდაპირ მონაწილეობდა ყველაზე მეტ გოლში (101) და თავადაც გაიტანა ყველაზე მეტი (79) ევროპის ტოპ-5 ლიგის მოთამაშეებს შორის ყველა ტურნირის ჩათვლით.
თომას მიულერმა (“ბაიერნი”) 163-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში და გაუთანაბრდა ლიონელ მესის. ტურნირის ისტორიაში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს (183) და იკერ კასილიასს (177) აქვთ ნათამაშები მეტი მატჩი.

რეალი – არსენალი 1:2
გოლები: 0:1 საკა (65), 1:1 ვინისიუსი (67), 1:2 მარტინელი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: საკა (13, არსენალი)

„რეალს“ პირველ ტაიმში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
„რეალმა“ დაკარგა ტრებლის შესრულების შანსი. მადრიდელებს არასოდეს მოუგიათ ერთ სეზონში ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
„რეალი“ 2020 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
„რეალს“ „არსენალთან“ ოთხიდან სამი მატჩი აქვს წაგებული. კიდევ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების საერთო შეფარდებაა – 1:6.
„არსენალი“ 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. სულ გუნდის ისტორიაში ასეთი რამ მესამედ მოხდა.
ჯუდ ბელინგემმა 47-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში – ეს არის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასის რეკორდის გამეორება, როგორც მეტი რაოდენობა მატჩებისა 21-წლამდელი ფეხბურთელისთვის.
მადრიდის “რეალის” ბოლო 5 მატჩში, ყველა ტურნირის ჩათვლით, კილიან მბაპეს არ ჰქონია მონაწილეობა არც ერთ გოლში – ეს მისთვის ყველაზე ნეგატიური სერიაა 2018 წლის აპრილ-მაისის შემდეგ.
ვინისიუსმა გაიტანა 105-ე გოლი მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის მადრიდული კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ვინისიუსმა გადაუსწრო რონალდო ნაზარიოს (104).
ტიბო კურტუამ მოიგერია 39-დან 8 პენალტი მადრიდის “რეალის” მეკარის სტატუსით ყველა ტურნირზე, მათ შორის, 3 – ჩემპიონთა ლიგაში. 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, მას “რეალის” მეკარეებს შორის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული.

GIPHY App Key not set. Please check settings