პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად იმაზე მეტი ნერვიულობა დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ასტონ ვილა“ გასატანად დაიძრა და პარიზელებმა კონტრიერიშებზე ორი გოლი გაიტანეს. შინ 3:1-ის შემდეგ, სტუმრად დაწინაურდე 2:0, ფაქტობრივად მოთავებული საქმეა, მაგრამ ინგლისურმა გუნდმა თამაში მოატრიალა, სამჯერ გაიტანა და კიდევ შეეძლო. მაგრამ მთავარი მაინც საბოლოო შედეგია და ეს შედეგი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის სასარგებლოდაა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.
ლუის ენრიკე:
„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. არა მარტო დონარუმა, მთლიანად შემადგენლობა ძალიან მაღალი დონისაა.
ძალიან მძიმე მატჩი იყო.
კარგად დავიწყეთ, ორი გოლი გავიტანეთ, სივრცეების გამოყენებას ვცდილობდით. პირველ ტაიმში ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით, რაც კარგია.
მერე სირთულეები შეგვექმნა. ჩავარდნებიც გვქონდა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და „ასტონ ვილამ“ მეორე ტაიმში მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.
ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ.
ორივე მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. მიხარია, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნახევარფინალში გასვლით გავახარეთ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან.
ნახევარფინალში გასვლა ყოველთვის რთულია. ეს ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ.
პოზიტივი უნდა დავინახოთ და ბედნიერები ვართ. პროგრესით კმაყოფილები ვართ. გასულ წელზე უკეთესი გუნდი ვართ. ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings