გრაცის “შტურმის” ოფიციალურმა საიტმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან ოთარ კიტეიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც მიეძღვნა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვან თარიღს – 26 მარტს ოთარი 29 წლის გახდა.
“როცა 2018 წელს “შტურმში” ჩავირიცხე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენ ხანს დავრჩებოდი გუნდში. დრო შეუმჩნევლად გარბის. მეუფლება სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ მერვე დაბადების დღეს აღვნიშნავ შავ-თეთრი მაისურით. ჩემთვის “შტურმი” კლუბზე მეტია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ოჯახია.
ბოლო წლებში მქონდა როგორც აღმასვლა, ისე ჩავარდნები. ვებრძოდი ტრავმებს, მაგრამ იყო შესანიშნავი კარიერული მომენტები. დაუვიწყარი იყო გასულ სეზონში დუბლის მოგება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შემიძლია შევადარო ცხოვრების ოცნების ახდენას.
ბოლო წლებში “შტურმი” მრავალმხრივად განვითარდა. დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე გამოვაჩინეთ ჩვენი ამბიციები. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ვაფასებ იმას, რასაც ვგრძნობ როგორც კლუბის, ისე გულშემატკივრების მხრიდან. ყველა მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია და მჯერა, წინ კიდევ არაერთი წარმატების აღნიშვნა გველოდება.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, ვთამაშობდე საქართველოს ნაკრებში და წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას. შეუძლებელია იმის გადმოცემა, რასაც საქართველოს ჰიმნის მოსმენის დროს ვგრძნობ. მენატრება ოჯახი, მეგობრები, ჩემი მშობლიური ქალაქი და ქართული სამზარეულო.
რაც შეეხება სეზონის მიზნებს, გადამწყვეტი ეტაპის წინ “შტურმი” კარგ პოზიციაზეა. თუ კონცენტრაციას შევინარჩუნებთ და ჩვენს ძლიერ მხარეებს წარმოვაჩენთ, ასეთ შემთხვევაში საჩემპიონო ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა.
მინდა, მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს – გოლებით, პასებით, შემოქმედებითი ფეხბურთით… ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევძლო ტრავმების თავიდან არიდება და სტაბილურად თამაში, რათა ჩემი წვლილი შევიტანო საერთო წარმატებაში”, – თქვა ოთარ კიტეიშვილმა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings