საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ მოახერხა ევრობასკეტზე გასვლა. ხვალ კი წილისყრა შედგება და გავიგებთ ვისთან მოვხდებით.
წილისყრას ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს და თბილისის დროიტ 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც წინა ჯერზე, ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპი ოთხი ქვეყნის ოთხ ქალაქში გაიმართება: რიგა (ლატვია), ტამპერე (ფინეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და კატოვიცე (პოლონეთი).
ფიბამ გუნდები რეიტინგის მიხედვით ექვს კალათაში გაანაწილა.
I კალათა: სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი
II კალათა: ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი
III კალათა: იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
IV კალათა: ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი
V კალათა: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
VI კალათა: შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი
A ჯგუფის მასპინძელი ლატვიაა, B ჯგუფის – ფინეთი, C ჯგუფის – კვიპროსი, D ჯგუფის – პოლონეთი.
ცხადია, თითოეულ ჯგუფში თითოეული კალათიდან ერთი გუნდი მოხვდება.
თითოეულ მასპინძელს ჯგუფში ერთი პარტნიორი ქვეყნის არჩევა შეეძლო. ლატვიამ ესტონეთი აირჩია, ფინეთმა – ლიეტუვა, კვიპროსმა – საბერძნეთი, პოლონეთმა – ისლანდია.
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობიდან გამომდინარე კვიპროსის ჯგუფში ვერ მოხვდება თურქეთი.
შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომ სლოვენიის ნაკრებს აუცილებლად კატოვიცეში მოუწევს თამაში პოლონეთთან და ისლანდიასთან. შვედეთი და პორტუგალია კი A და B ჯგუფში განაწილდებიან.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, საქართველოს ნაკრებისთვის გამორიცხულია ფინეთური ვარიანტი. თურქეთ-კვიპროსის დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო ჩვენი C ჯგუფში მოხვედრის ალბათობა იზრდება, ანუ ლიმასოლზეა საუბარი.
GIPHY App Key not set. Please check settings