ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ში შედგა. მართალია მისმა გუნდმა „რეიმსი“ ვერ დაამარცხა (1:1), მაგრამ ჯამში ქართველმა კარგად ითამაშა. აქტიური იყო და სხვადასხვა პოზიციაზე მოუწია თამაში. აღსანიშნავია, რომ ის მონაწილეობდა საგოლე შეტევაში და გოლში ლომის წვლილი მისია.
დებიუტი თავად ხვიჩამაც შეაფასა:
„წარმოუდგენელი გრძნობა და ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ ბრწყინვალე ფანებისთვის და არაჩვეულებრივ თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ.
რთული მატჩი გამოვიდა, მოგება გვეკუთვნოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ პირველსავე შეხვედრაში საგოლე გადაცემა გავაკეთე, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებულიც, რადგან მოგება ძალიან მინდოდა.
ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. უბრალოდ, ერთი თვე არ მითამაშია. ვფიქრობ, ამიტომაც ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და შტაბის წევრები ყველაფერს აკეთებენ ტოპ ფორმაში დასაბრუნებლად.
შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ძალიან სასიამოვნოა, როცა თავს თავისუფლად გრძნობ, როცა მიზანთან ახლოს ხარ.
პსჟ-ში პირველი კვირა ძალიან კარგი გამოვიდა. კლუბი ჩემზე ძალიან ზრუნავდა და აქ ყველა პირობას გიქმნიან. შენ მარტო ვარჯიშზე უნდა იფიქრო, დანარჩენს ისინი აკეთებენ“.
ხვიჩამ დებიუტის შესახებ პოსტი Instagram-ზეც გამოაქვეყნა და დაწერა:
“პარიზო, მოგესალმები. პირველი დღე ჩემს ახალ სახლში. მადლობა არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა”, – წერს კვარაცხელია.