“ოსერთან” მატჩის წინ ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ფრანგული სპორტული პრესის წარმომადგენლებმა საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენის” შემტევს კითხვები დაუსვეს:
“რაც შეეხება ჩემი სეზონის შეფასებას, პირველ წრეს შევაფასებდი დადებითად. ისე კი, შეიძლებოდა, უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლებიც მქონოდა, მეტი გოლის გატანაც შემეძლო. სტაბილურობა დამაკლდა, რომ ყველა თამაში ერთ დონეზე ჩამეტარებინა. საამისოდ ბევრს ვვარჯიშობ და ვშრომობ. იმედი მაქვს, სეზონის მეორე ნაწილს უფრო სტაბილურად ჩავატარებ და გუნდს უფრო მეტად დავეხმარები…
ეირიკ ჰორნელანდს რაც შეეხება… როცა გუნდში მოდის ახალი მთავარი მწვრთნელი, იცვლება თამაშის სტილი და ჩვენთანაც ასე მოხდა. ჰორნელანდი ჩვენგან უფრო “ზემოთ” თამაშს ითხოვს. ითხოვს აგრესიულ პრესინგს. ეს ჩვენ, ფეხბურთელებს, გვეხმარება, რაც შეიძლება, მეტი დრო ვიყოთ ბურთთან ერთად…
ეს ჩემთვის და სხვა შემტევი ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგია. პრესინგზე ასვლის დროს ძირითადად თამაში მიწევს ბოლო მცველთან და ბურთის მოპოვების შემთხვევაში კართან ვარ უფრო ახლოს. ეს კარგია, რადგან გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია, რათა უფრო პროდუქტიული იყო…
მიმაჩნია,რომ ახლა კარგ ფორმაში ვარ. “პარი სენ-ჟერმენთან” ახალდაბრუნებული ვიყავი მინდორზე და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ამის შემდეგ, “ნანტთან” შეხვედრაში, უკვე კარგ ფორმაში ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე მზად ვარ!..
“ნანტთან” მატჩი კი იოლი არ იყო. მეტოქე მთელი გუნდით დაცვიდან თამაშობდა, არ იყო სივრცეები. დამაკლდა კარში დარტყმა და ბოლო პასი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და დიდი იმედი მაქვს, მალე ყველა თამაშს ერთ დონეზე ვითამაშებ…
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს “პარი სენ-ჟერმენში”, ცხადია, მასთან ვისაუბრე. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ერთმანეთის შესახებ ყველა დეტალი ვიცით. მუდამ გვაქვს კონტაქტი, ხვიჩა ჩემი შვილის ნათლიაა. ძალიან მიხარია, კარიერას ლიგა 1-ში რომ გააგრძელებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ… არ მილაპარაკია იმის თაობაზე, რომ “პარი სენ-ჟერმენში” კი არა, ჩვენთან გადმოსულიყო (იცინის)”, – თქვა ზურიკო დავითაშვილმა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings