საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუშინ მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობა დაასახელა. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 შეხვედრა ჩაატარა და ეროვნულ გუნდს სარეკორდო 62 მატჩში უკაპიტნა.
ვილი სანიოლმა ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კანკავასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო.
“ჯაბა კანკავა გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. მადლიერი ვართ იმისთვის, რაც მან ამ ამდენი წლის მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება ყველას მოუწევს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთ დროს წასვლა, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობ, რათა შეინარჩუნო იმიჯი და მაყურებელს დაამახსოვრდე, როგორც დიდი მებრძოლი და კაპიტანი. ამ ერთი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო”, – თქვა ვილიმ.
ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ბოლო ოფიციალური მატჩი 2021 წლის 10 ოქტომბერს, საბერძნეთთან, ბათუმში გამართული თამაში იყო.
17-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ 10 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings