„იუვენტუსი“ ისევ ჩაფლავდა და დასანანად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან. 0:3 მოკრძალებულ „ვილიარეალთან“ თამაშს ბოლომდე არ ასახავს. ტურინელები დიდი ნაწილი უტევდნენ, თუმცა ახლა ეს მალამოდ არ დაედებათ.
პირველ ტაიმში მასპინძლებს ორჯერ გატანა შეეძლოთ. ჯერ მეკარე რულიმ მორატას აუღო, მერე ვლაჰოვიჩმა ძელს მოარტყა. მოკლედ, ესპანელებმა პირველი ტაიმის გაჭირვებით გაძლეს.
მეორე ნახევარში ემერიმ შეცდომები გამოასწორა: შეცვლები განახორციელა და ბოლო 14 წუთში შეჭამა მეტოქე ჟერარ მორენოსა და კოკლენის დამსახურებით.
მორენო განსაკუთრებით საქებია, მან ორი პენალტი მოიპოვა.
ესპანეთი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში ზედიზედ მე-17 არის წარმოდგენილი. ეს ტურნირის რეკორდია.
ემერი კარიერაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის1/4 ფინალში.
„იუვენტუსი“ ზედიზედ მესამედ გამოვარდა ლიგის 1/8 ფინალიდან.
ემერი: „ვიცოდით, რომ ჩვენს მეკარეს კარგად თამაში მართებდა, ჩვენ კი – მომენტს დავლოდებოდით“.
„ვილიარეალის“ მცველი პაუ ტორესი: „მორენოს გამოსვლამ თამაში შეცვალა, რული ბრწყინვალე იყო“.
ალეგრი: „იუვენტუსი“ ბურთს აგორებდა, „ვილიარეალი“ კი 9 კაცით იცავდა თავს. ერთმა მომენტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა“.
კუადრადო: „არა მგონია, რომ ამას ახსნა აქვს, ზოგჯერ ფეხბურთი ასეთია. ჩვენ ვცდილობდით ის გაგვეკეთებინა, რაც მწვრთნელმა გვთხოვა“.
ამბროზინი: „ყველაფერი კონცენტრაციის დაკარგვამ გადაწყვიტა, არადა ჩანდა, რომ შეგვეძლო ამ ბარიერის გავლა“.
იუვენტუსი – ვილიარეალი 0:3
პირველი მატჩი 1:1
გოლები: 0:1 ჟერარ მორენო (78-პენ), 0:2 ტორესი (85), 0:3 დანიუმა (90+2-პენ)
იუვენტუსი: შჩესნი – დანილო დე ლიგტი, რუგანი (79. დიბალა), დე შილიო – კუადრადო, ლოკატელი (83. ბერნარდესკი), არტური, რაბიო – ვლაჰოვიჩი, ალვარო მორატა (85. კინი).
ვილიარეალი: რული – ორიე, რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი – პინო (65. ჩუკვუეზე), დანი პარეხო (86. ალფონსო პედრასა), კაპუე, ტრიგეროსი (64. კოკლენი) – ლო სელსო (74. ჟერარ მორენო), დანჯუმა.
საშინაო მატჩის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, „ჩელსიმ“ სტუმრადაც აჯობა „ლილს“ – 2:1, თუმცა შედეგმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს: ფრანგები აქტიურად უტევდნენ და პირველ ტაიმში ილმაზმა პენალტით დააწინაურა კიდეც მასპინძლები. ტუხელის გუნდი საფრთხეს გრძნობდა. ლონდონელებს მაშველად პულიშიჩი მოევლინათ, რომელმაც ტაიმის წამატებულ დროში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და სიტუაცია დაამშვიდა.
მეორე ნახევარში საჭირო შედეგის შენარჩუნება ბევრად მარტივი იყო, ხოლო ასპილიკუეტას გოლის შემდეგ ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა.
ტუხელმა წილისყრაზე (პარასკევსაა) თქვა, რომ სურს „ჩელსი“ ისეთი გუნდი გახდეს, რომელსაც მეტოქედ არავინ ისურვებს.
ილმაზმა „ჩელსის“ 36 წლის და 244 დღის ასაკში გაუტანა. მარტო გიგზი და მალდინი იყვნენ უფროსები, როდესაც ლიგის პლეი-ოფში გაიტანეს.
ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 50 მატჩიდან 32მოიგო.
ტუხელი: „ჩვენ გამოვიჩინეთ მდგრადობა და მენატილიტეტი. ვამაყობ, რომ ჯერ ისევ შეგვიძლია შედეგების მიღწევა“.
„ლილის“ მწვრთნელი: „ჩემპიონთა ლიგას თავაწეულები ვტოვებთ“.
ლილი – ჩელსი 1:2
პირველი მატჩი 0:2
გოლები: 1:0 ბურაქ ილმაზი (38), 1:1 პულიშიჩი (45+3), 1:2 ასპილიკუეტა (71)
ლილი: ჟარდიმი – ჟოზე ფონტე, ბოტმანი (58. ა. ონანა), ჯალო – ზექი ჩელიქი (58. ვეა), ბამბა (78. გომესი), ჩეკა, ანდრე, გუდმუნდსონი (78. ბრადარიჩი) – ბურაქ ილმაზი, დავიდი (77. ბენ არფა).
ჩელსი: მენდი – ასპილიკუეტა, კრისტენსენი (33. ჩალობა), ტიაგო სილვა, რიუდოგერი, მარკოს ალონსო – კანტე, ჟორჟინიო (74. ლოფტუს-ჩიკი), კოვაჩიჩი (46. მაუნტი) – ჰავერტცი (83. ზიეჩი), პულიშიჩი (74. ლუკაკუ).
GIPHY App Key not set. Please check settings