in

ბაჩო ხურციძე: იტალიასთან მატჩი დადასტურებულია – რუსეთის ბედი 10 მარტს გაირკვევა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 12 მარტს ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდებიან და რუმინელებთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასის კიდევ ერთხელ მოგებას შეეცდებიან. 20 მარტს კი ჩვენები ესპანეთს შეერკინებიან. ასევე, უკვე დადასტურებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულში საქართველოს იტალიის ნაკრები ეწვევა.

ამ და სხვა საინტერესო თემბზე სასაუბროდ ჩვენ საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელ დირექტორ ბაჩო ხურციძეს ვესაუბრეთ.

ტესტი იტალიასთან

“იტალიასთან ტესტ-მატჩი დადასტურებულია და თუ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ევროპაში გარკვეული პრობლემები არ შექმნა, ეს მატჩი აუცილებლად შედგება. იტალიელებთან მატჩი მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება მთავარი ტურნირისთვის მოსამზადებლად.

მასპინძელ სატდიონს რაც შეეხება, აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ ეს მატჩი ბათუმში გაიმართოს. ბათუმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქალაქია და პრიორიტეტს წარმოადგენს ისევე, როგორც ყველა რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც რაგბის განვითარება. “დინამო არენა” და ბათუმის სტადიონი – ამ მოედნებს განვიხილავთ. აქ სხვადასხვა ლოჯისტიკური თემებია განსახილველი”.

ქარის თასი

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურდა ევროპულ ტურნირში ჩართვა, მაგრამ ეს ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩვენს ფრენჩაიზს ქარის თასის პირველ დივიზიონში ეასპარეზა. ამ ტურნირზე თამაშობდა არგენტინული ფრენცაიზიც და ასე რომ საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია. თან სამხრეთ აფრიკა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ქართული ფრენჩაიზის ჩართვა დიდ გამოცდილებას მისცემს ახალშექმნილ გუნდს. ვიტყვი იმასაც, რომ გვქონდა შემოთავაზება ქარის მათასს უმაღლეს დივიზიონშიც გვეთამაშა, მაგრამ ამ ეტაპზე ახალშექმნილი გუნდისთვის ვამჯობინეთ პირველ დივიზიონში გვეთამაშა. სამომავლოდ, განვიხილავთ მაღალი დონის ევროპულ ტურნირზე ჩართვასაც”.

რაგბი ევროპის სუპერთასი

“ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს ტურნირი დაბალი დონისაა და ამას ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს. თან მომავალი წლისთვის ტურნირის გაფართოება იგეგმება. დაგეგმილია რუმინული და გერმანული ფრენჩაიზების ჩართვაც. უკვე, ოფიციალურად მოთხოვნილი გვაქვს მეორე ქვოტა და არის საუბარი, რომ ამ ტურნირზე “შავი ლომის” გარდა, საქართველოს ჩემპიონმაც იასპარეზოს”.

რუსეთთან მატჩი

“მოგეხსენებათ, რუსეთი ოფიციალურად მოიკვეთა ყველა ტურნირიდან. 10 მარტს არის რაგბი ევროპის გამგეობის სხდომა და გადაწყდება, თუ რა ბედი ეწევა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ თამაშებს. არის ორი ვარიანტი: რუსეთთან ნათამაშები შედეგები საერთოდ გაუქმდეს, ან რუსებს ყველა გუნდთან ჩაეთვალოს ტექნიკური წაგება – 0:28. ამას 10 მარტის გამგეობის სხდომის შემდეგ გავიგებთ”.

7 კაცა რაგბი

“7 კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარება. ამ ნაკრებს ორი ლეგენდარული მორაგბე ხელმძღვანელობს, გია ლაბაძე და ბესიკ ხამაშურიძე. ვგეგმავთ, რომ მალე მოხდეს 7-კაცა ნაკრების მოთამაშეებთან ოფიციალური კონტრაქტების გაფორმება, როგორც ეს “შავ ლომშია”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიქტორ სანიკიძე: დიდებული კალათბურთელი დაიმატეთ – თოკო საუკეთესო ადგილას მოხვდი

ლოჩოშვილი გმირული საქციელისთვის დააფასეს: ღირსების ორდენი ქართველს