“პარიზიენის” ცნობით, ხვიჩა კვარცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 7-იანით ადრე კილიან მბაპე ასპარეზობდა, რომელიც პარიზული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და რაც ის “რეალში” გადავიდა, ეს ნომერი არავის არ გადასცეს. როგორც ჩანს, ქართველს ელოდებოდნენ და უნახავდნენ.
აღნიშნულია, რომ ხვიჩასთვის რონალდოსადმი გამორჩეული დამოკიდებულების გამო, 7 ნომერი განსაკუთრებულია, საქართველოს ნაკრებში 7 ნომერი აქვს, “ნაპოლიში” გადასვლისას კი 77 აირჩია, რადგან 7-იანით ელიფ ელმასი ასპარეზობდა.
გამოცემა წერს, რომ ეს კარგი მარკეტინგული ნაბიჯი შეიძლება გახდეს, ვინაიდან კლუბის მაისურების დიდი რაოდენობით გაყიდვას იმედოვნებენ.
ხვიჩას კონკურენტი ვერ არის კარგად
Foot Mercato-ს ცნობით, პსჟ-ში, რომელმაც საფრანგეთის თასზე რანგით მეხუთე დივიზიონის „ესპალის“ ძლივს მოუგო, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო მეტად არ შედის მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გეგმებში და მზადაა გამოემშვიდობოს.
პარიზულ გუნდს აგრეთვე მცველი პრესნელ კიმპემბე დატოვებს, რომელსაც კარგა ხანია არ უთამაშია. თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი იჯარით „იუვენტუსში“ გადავა. ალბათ, წასვლა მოუწევს მცველს მილან შკრინიარს.
პირადი პრობლემები აქვს საფრანგეთის ნაკრების 22 წლის მარცხენა გარემარბს ბრედლი ბარკოლას. მან განაცხადა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ფეხბურთი არაა მთავარი, განცდაშია, მაგრამ ცდილობს ყველაფერი დაივიწყოს და 100%-ით იყოს თამაშზე კონცენტრირებული. გამოცემა წერს, რომ მალე „პარი სენ ჟერმენში“ „ნაპოლიდან“ ბრედლის უშუალო კონკურენტი ხვიჩა კვარაცხელია გადავა და თუ ფრანგმა თამაში არ გამოასწორა, სათადარიგოთა სკამზე მოუწევს გადანაცვლება.
რაც შენ გააკეთე სამუდამოდ დარჩება ისტორიაში
ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც პსჟ-ში გადადის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით “ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დაემშვიდობა:
“გამარჯობა, ჩემო მეგობარო, რაც შენ გააკეთე, სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. მე გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე, წარმატებები ჩემპიონო… ყველა ოცნების ასრულებას გისურვებ. მიყვარხარ”.
საკომისიოს გამო
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის გამო ნეაპოლში განსხვავებული მოსაზრებებია. გუნდის ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ განაცხადა, რომ ტრანსფერის ინიციატორი ფეხბურთელის გარემოცვა იყო, რომელმაც საკომისიოს გამო აიძულა ის ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.
ჟურნალისტი ჩირო ტროიზე წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ზოგიერთის მსგავს დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „სან პაოლოზე“ თვით დიეგო მარადონას უსტვინეს, ამის ნახვა „იუთუბზეა“ შესაძლებელი და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.
ისე როგორ იქნებოდა, საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო მიმომხილველს, კარლო ალვინოს არ დაეფიქსირებინა, რომელიც როგორც წესი, კლუბის პოზიციას ახმოვანებს: „ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვიდა და ყველაფრის მიუხედავად, მადლობას ვუხდი. დღეს ეს მან გააკეთა, ხვალ სხვა გააკეთებს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. საუბარია ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას და აგენტის, მამუკა ჯუღელის საკომისიოზე. ვფიქრობ, ყველაფერი მათი ინიციატივით მოხდა. სოლიდური თანხა აიღეს, რაც სამშობლოში ორივეს შვიდ თაობას უზრუნველყოფს“.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings