21 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თავისთვის პირველივე ესპანურ სეზონში ახლოსაა ტიტულთან. გიორგის “ვალენსია” კოპა დელ რეის ფინალშია.
განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ხოსე ბორდალასის გუნდმა ბასკური ბილბაოს “ატლეტიკი” 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში 2:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი ყუმბარისებული დარტყმით 43-ე წუთზე გონსალო გედეშმა გაიტანა.
ამ ძალიან მნიშვნელოვან თამაშში “ვალენსიას” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველს მაინცდამაინც ბევრი საქმე არ ჰქონია, რადგან ბასკები უმეტესად არაზუსტად ურტყამდნენ, მაგრამ გიორგიმ ერთი ეფექტური სეივის განხორციელება მაინც მოახერხა. ისე კი, მამარდაშვილი მთელი მატჩი კარგი იყო და გამოსვლებზეც საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა. ავტორიტეტულმა Sofascore-მა ქართველის თამაში 7.1 ქულით შეაფასა.
გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ესპანეთის თასის ფინალშია გავიდა და ძალიან კარგი შანსი აქვს პირველი ქართველი გახდეს, რომელიც ესპანურ ტიტულს მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა ზედიზედ ორ მატჩში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
ბორდალასმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„მიხარია ფეხბურთელების გამო, მათ მთელი ძალა ჩადეს. ეს ჯილდოა შრომისა და შეუპოვრებისთვის. ბევრ სირთულეს წავაწყდით, მაგრამ ფინალში ვართ.
ახლა შეგვიძლია დავტკბეთ და კარგად მოვემზადოთ ფინალისთვის. 10 000 კაცი ზეიმობს ქუჩაში, ეს არაჩვეულებრივია“.
“ვალენსიასთვის” კი ეს სამეფო თასის მე-18 ფინალია და აქედან “ღამურებმა” 8 მოიგეს. “ვალენსიამ” ბოლოს ეს ტიტული 2019 წელს დაისაკუთრა.
კოპა დელ რეის ფინალი 23 აპრილს, სევილიაში, “ლა კარტუხაზე” გაიმართება. “ვალენსიას” მეტოქე დღეს სევილიურ “ბეტისსა” და მადრიდის “რაიო ვალეკანოს” შორის გაირკვევა. პირველი მატჩი სევილიელებმა გასვლაზე 2:1 მოიგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings