calcionapoli24-ის დირექტორმა სალვიო პასსნატემ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” წასვლას ემოციური წერილი მიუძღვნა. მან ქართველის მიმართ კარგი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ის მუდამ ეყვარებათ. გთავაზობთ ნაწყვეტებს წერილიდან.
“როდესაც ამ წერილს ვწერ, თავს ძალიან მოწყენილად ვგრძნობ და ჩემი თვალები ანათებს. ვფიქრობ, მე მსოფლიოს მასშტაბით უამრავი “ნაპოლის” ფანის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და ყველა მსგავს სიტუაციაშია.
ვწერ მთელი გულით, იმ გულით, რომელიც 77-ე ნომრის დანახვაზე მუდმივად ჩქარდებოდა და ახლა უკვე ლეგენდარული გახდა.
ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რითაც ყველაფერი დასრულდა, რადგან ყველას გვინდოდა, რომ ჩვენი
მაისური რაც შეიძლება დიდი ხნით გეტარებინა.
შემიძლია ვთქვა, რომ კლუბის სიმბოლო ასეთ ანაზღაურებას არ იმსახურებდა. ის ამ 3 წლის განმავლობაში მთელი გუნდის რიგებში ხელფასით მე-16 ადგილს იკავებდა და ახლა 18 თამაშის შემდეგ, როდესაც სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ, ის გვტოვებს. რა სირცხვილია!
მოდით, ვილაპარაკოთ ფეხბურთზე და იმ ემოციებზე, რომელიც შენ მოგვეცი. სერია A-ში მეტეორივით შემოიჭერი, კიმთან და ოსიმენთან ერთად ჩემპიონობისკენ წაგვიძეხი. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, შენი გვარი როგორ წარმოგვეთქვა და ამაზე ვმეცადინეობდით.
პირველი გოლი სადებიუტო შეხვედრაში გასვლაზე “ვერონასთან” და “მონცას” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი სახლში! არასდროს დაგვავიწყდება შენი დრიბლინგები, ასისტები და ფეხის ბრწყინვალე მოძრაობები. “იუვენტუსთან” სახლში 5:1 მოგებულ შეხვედრაში. “ატალანტას” ერთმანეთზე დაწყობილი მცველები, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, იტალიის ჩემპიონობა. ამაზე რამდენ ხანს ვოცნებობდით, მადლობა სკუდეტოსთვის!
შენ გაქვს გენია, მაგიური ტალანტი, სითავხედე, არაპროგნოზირებადი და ჯიუტი ხარ, გაქვს ტექნიკა, მოედანზე ნამდვილი ინტელიგენტი და თავდადებული ხარ.
ხვიჩა, შენ პოსტ მარადონას ერის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, ვინც კი ჩვენს ქალაქში გვინახავს. შენ ორი ქვეყნის, საქართველოსა და იტალიელი ხალხი გააერთიანე.
შენ დაამარცხე იმ დროისთვის ევროპის ვიცე-ჩემპიონი “ლივერპული”, ეს საღამო ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, ეს იყო ყველაზე დიდებული პირველი ტაიმი, რომელიც კი ოდესმე მინახავს!
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, 5 მოტყუებული მეტოქე! შენ გოლი გაგქონდა მარცხენა და მარჯვენა ფეხით, თავით, აკრობატულ ნახტომში, ნახევრად ფრენბურთის სტილში, ჯარიმიდან…
სახალისო აღნიშვნა, სტეფ კარის სტილი, კოცნა გერბზე… ეს ყოველივე ჩვენ ცრემლებს გვგვრიდა.
ახლა კი წადი, უკან არ მოიხედო! წადი რაც შეიძლება სწრაფად, მიდი შენი დანიშნულების ადგილას, ნეაპოლებებს მუდმივად გულში ეყოლები!
მოდი, ასე დავასრულოთ და ყოველთვის გვიყვარდეს ერთმანეთი.
ვისაც უყვარს, არასდროს ივიწყებს”.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა – ზოგმა დადებითად, ზოგმა უარყოფითად. არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველის პსჟ-ში გადასვლას პრაგმატულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ სატრანსფერო თანხით „კვარას“ შესაცვლელი „სათადარიგო ნაწილების“ შეძენა შეიძლება.
ცნობილმა ნეაპოლელმა ადვოკატმა და თავისი ქალაქის გუნდის დიდმა ქომაგმა მარიო კოლელამ ხვიჩას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა: „მან 33 წლის შემდეგ მესამე სკუდეტოს მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ამისათვის მხოლოდ მადლობლები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება გახრწნილი (დიახ, გახრწნილი) და ვულგ
არული ადმიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებმაც ვითომ არ იციან, როგორაა მოწყობილი სამყარო. რომლის შემადგენელნი თავად არიან.
ხვიჩა მსგავს მოთამაშეს ახლა იშვიათად ნახავ, „ველური ფეხბურთელია“, ხასიათის ზოგიერთი სისუსტის მქონე პოეტია. ის ბავშვებს აიძულებს თავი შეაყვაროს და დარჩეს იმ თაობის გულში, რომელსაც მარადონას ეპოქა არ ახსოვს. ამან და უკვე მხოლოდ ამან უნდა შეგაგრძნობინოთ ამ ბიჭის მნიშვნელობა და კარგი ზეგავლენა ნეაპოლზე. ნებისმიერი სხვა მსჯელობა მიუღებელია და სამწუხაროდ, „კვარას“ ალბათ, აქ აღარ ვიხილავთ. პირადად მე მისი მადლობელი ვარ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ამ ახალგაზრდას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავისთვის და ქომაგებისთვის, ლამაზი თამაშით და ბავშვური გამოხედვით. ყველაფერი შეიძლება დაივიწყო, მაგრამ საჩემპიონო ტიტიული – არა. ხვიჩამ არ უნდა დაგვივიწყოს და არც ჩვენ დავივიწყებთ, არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“.
ლუკა ჩირილო (Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი): „ქართველთან სამწუხარო დამშვიდობება დე ლაურენტისის შეცდომის შედეგად სწორედ ასეთი ფინალით უნდა დასრულებულიყო. კვარაცხელია ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი ფეხბურთელია, ნეპოლელელი ტიფოზების კერპია და სხვა დამოკიდებულებას იმსახურებდა. ის პირობების გაუმჯობესებას ამაოდ ელოდა, აურელიო კი ისე ეპყრობოდა, როგორც პერიფერიიდან ჩამოყვანილ პატარა ბიჭს, ეგონა კონტრაქტით მიაჯაჭვა, რაც ქართველის თამაშზე აისახა. „ნაპოლი“ ლიდერია, ხვიჩას მეორედ შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო და როგორი შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა მას ოჯახი ჰყავს, უკეთეს მომავალზე ზრუნვა მართებს. ცხოვრება გრძელდება, 11 მილიონად შეძენილ ქართველში მინიმუმ 80 მილიონს მიიღებენ და ყველა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.“
ანტონიო პაპა (Canale 21-ის ჟურნალისტი): „ხვიჩა ჩემი გულის ნაწილია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ლუჩანო სპალეტის შემდეგ სკუდეტოს მთავარი არქიტექტორია, ჭეშმარიტი ვარსკვლვია და გაკვირვებული ვარ მის მიმართ ზოგიერთის უსირცხვილო დამოკიდებულებით. მეზიზღება ყველა, ვინც ეს საფეხბურთო სილამაზე უცებ დაივიწყა, თითქოს ასეთი ჩემპიონები ბევრი გვენახოს. მარადონა 40 წლის შემდეგ რომ დაბადებულიყო, ის მარადონა არ იქნებოდა, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ სულში ჩაგაფურთხონ. „კვარა“ ფეხბურთში როგორც ყვავილი ძალიან ადრე და ხმაურიანად გაიფურჩქნა, სადაც მარადონებს არ შეუძლიათ არსებობა. უბრალოდ არ შეუძლიათ. წარმატებებს ვუსურვებ კვარაცხელიას და იმედი მაქვს, მთელ მსოფლიოს კიდევ აჩვენებს იმას, რაც ჩვენს თვალწინ მოხდა. არიან ადამიანები, რომელთაც ამის დავიწყება არ შეუძლიათ. უკეთეს მომავალზე იოცნებე, ხვიჩა, ჩვენს ვიოცნებებთ“.
გვიდო ტრომბეტი (ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილი რექტორი, პროფესორი): „ნერესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „კვარასგან“ განსხვავებით „ცალფეხაა“. ბრაზილიელის განდიდებით ქართველისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდნენ. ცხადია, პსჟ-ში გადასვლა მის ცხოვრებას შეცვლის. ისიც ნათელია, რომ მას მეწარმეთა ჯგუფი როგორც საწარმოს ისე მართავს“.
Areanapoli-მ ხვიჩას ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ნაპოლიმ“ გარეგნულადაც გააუმჯობესა: „როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა, სრულიად სხვაგვარად, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, თუმცა ყოველთვის მოკრძალებული ბიჭი იყო, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების მთავარი მიზანია. 70-80-იანი წლების მოთამაშეს მოგაგონებდათ. მას შემდეგ ვარცხნილობა შეიცვალა, მოდურადაა ჩაცმული, თუმცა მოედანზე მუდამ გამორჩეული გახლდათ, ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო და პსჟ-ში გადადის“.
Il Mattino იტყობინება, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო, მათი გამოცემის სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობა 36 ათასით შემცირდა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings