უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის 27-ე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძის “უიპეშტი” “პაკშს” დაუპირისპირდა და ქართველების გოლებით 3:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი “უიპეშტის” ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრის 37-ე წუთზე ზივზივაძის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავური დატყმით მიმართულება ბერიძემ შეუცვალა და ანგარიში გაათანაბრა.
57-ე წუთზე ქართველმა შემტევებმა ფუნქციები გაცვალეს. ამჯერად, ბერიძე მოგვევლინა პასის მიმცემის როლში და გოლი ზივზივაძემ გაიტანა. ბუდუსთვის ეს “უიპეშტის” მაისურით ჩატარებული მეშვიდე მატჩი და მეშვიდე გოლია. ბერიძეს კი, 24 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
27 ტურის შემდეგ, “უიპეშტს” 36 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და მესამეადგილოსან “კიშვარდას” 9 ქულით ჩამორჩება, თუმცა “კიშვარდას ბოლო სამი მატჩიდან 2 მარცხი, 1 ფრე აქვს და ქართველების გუნდს მესამე ადგილის შანსი ჯერ კიდევ აქვთ.
ბუდუ ზივზივაძის ეს შესანიშნავი ფორმა ჩემპიონატის ორგანიზატორებსაც არ გამოპარვიათ და ქართველი თავდამსხმელი OTP bank league-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings