ბოლო წლებში ფართო განსჯის საგნად ქცეული გადატვირთული გრაფიკი კვლავაც აქტუალური რჩება. წარმოიდგინეთ, „ლივერპულმა“ ამ სეზონში 63 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ამას ვერავინ გააუმჯობესებს, რადგან ორი თასი, მხოლოდ ინგლისშია და მერსისაიდელებმა ლოკალური თასების გარდა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მიაღწიეს. ამას დავუმატოთ ევროპის ერთა ლიგა, რომელიც ჩვენი დარი ქვეყნებისათვის, კიბატონო, შანსია, მაგრამ გრანდები სხვაგვარად ფიქრობენ. მოკლედ, მსოფლიო ფეხბურთი შეიშალა და მოთამაშეებს ლამის ყოველდღე თამაში უწევთ.
გადატვირთული კალენდრით უკმაყოფილო მწვრთნელთა ავანგარდში იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა არიან. ახლა მათი სიტყვების ციტირებას არ დავიწყებთ, რადგან ბოლო წლებში ლამის ყოველი მატჩის წინ ამაზე საუბრობენ.
ჰოდა, უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს მოსყინდა ამდენი კრიტიკის მოსმენა და მშვენიერი პასუხიც გამოამზეურა, გამტარად კი “ლა გაძეტა დელო სპორტი” გამოიყენა: „პრინციპი მარტივია, არ ითამაშებ ბევრს? ვერ მიიღებ დიდ ფულს. იმ ხალხმა უნდა იწუწუნოს, რომლებიც ქარხნებში 1000 ევროს გამო თავს იკლავენ. გვარდიოლასა და კლოპისაგან ამის მოსმენა უხერხულია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან გვაქვს რეკომენდაცია, რომ შიდა ჩემპიონატში 18 გუნდზე მეტი არ უნდა მონაწილეობდეს და საერთოდ, რა ხდება ინგლისში? ორი თასი? სრული სიგიჟეა. პასუხი მოსთხოვონ იმას, ვისაც სიტუაციის შეცვლა ძალუძს“- რა გინდა რომ უთხრა? სლოვენიელი თავის ორგანიზაციას იცავს და მართლაც, რა საჭიროა ორი თასი? კარგი, როცა ეფეი ქაფზე მიდგება საუბარი იქ ხმას ვერ ამოიღებ, რადგან მსოფლიოს ყველაზე ძველი ტურნირია და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ლიგის თასი სულ სხვა რამეა. 300 000 გირვაქიანი საპრიზო ფონდი და უბრალოდ, თავსი ტკივილი გრანდებისათვის.
ჰო, ჩეფერინს 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის შეცვლილ ფორმატზეც ჰკითხეს. „იყო საუბარი, რომ ჯგუფურ ეტაპზე 10 მატჩი გამართულიყო, მაგრამ ჩვენ 8-ზე შევჯერდით. დღევანდელ სურათში წილისწყრის წინ უმეტესობა წყვილებს წინასწარ ვხვდებით, რადგან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ერთი ჯგუფის წევრები 1/8 ფინალში ვერ იკვეთებიან. 2024 წლიდან გრანდები უფრო ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს და პატარა კლუბებს მეტი შანსი ექნებათ“.
GIPHY App Key not set. Please check settings