in ,

ფეხბურთის განვითარების ისტორია, რომელიც წინ უძღვის ნაკრების წარმატებას – უეფას სტატია საქართველოს შესახებ

უეფას ჟურნალი The Technician ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის და სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ფეხბურთის განვითარების ისტორია, რომელიც წინ უძღვის საქართველოს ნაკრების წარმატებას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო. ტურნირის დებიუტანტმა როგორც დაცვაში, ისე მეტოქის ნახევარზე გამოვლენილი დისციპლინითა და შემართებით მოიპოვა მერვედფინალის საგზური, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა. ჯგუფურ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდმა არაერთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, პორტუგალია 2:0 დაამარცხა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის გულშემატკივართა გულები მოიგო. საქართველოში კი ნაკრების თამაშმა ნამდვილი ეიფორია გამოიწვია.

„ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლამ ქართულ საზოგადოებაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა,“ აღნიშნა ვილი სანიოლმა. „ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი ერთიანობას ნატრულობდა. მან ის მთელი ტურნირის განმავლობაში მიიღო. საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილმა ისტორიამ უძლიერესი ეფექტი იქონია. შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ნაჩვენები თამაშით ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის იმედი შესძინეს.“

მიუნხენის „ბაიერნის“ და საფრანგეთის ნაკრების მაისურით სანიოლმა თავის სათამაშო კარიერაში მრავალი წარმატება იზეიმა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების თავკაცის როლში ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება მისთვის განსაკუთრებული იყო. „ის, რასაც მე ქართველი ხალხის თვალებში ვხედავდი, არასდროს მინახავს. მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრებაში ამ გამოცდილების მიღება“.

სანიოლს მიაჩნია, რომ გერმანიაში ნაჩვენები თამაში დიდწილად ფეხბურთელების მიერ თავისუფლების შეგრძნების და შემტევი ფეხბურთის მიმართ მათი ბავშვური ენთუზიაზმის შედეგი იყო. „ჩვენ მიზნად არ გვქონდა დასახული ევროპის ჩემპიონატის მოგება. ყველამ იცოდა, რომ ეს არარეალური იყო. აქედან გამომდინარე, სოციალური და სპორტული კუთხით სხვა მწვრთნელებზე შედარებით მეტი წნეხი იყო“, განმარტავს სანიოლი. „ჩვენი მთავარი ამბიცია იყო, რომ საქართველოს ევროპული ფეხბურთის რუკაზე თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. გვსურდა, რომ ტურნირის ბოლოს ქართველ გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას ჩვენით ეამაყა. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი. ზედმეტი წნეხის გარეშე მუშაობა ბევრად იოლია“.

სანიოლი ცდილობდა არ გადაეტვირთა მოთამაშეები რთული ტაქტიკური ინფორმაციით. „ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენ წარმოვიდგინეთ, თუ როგორი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა ამ ტურნირზე. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ დაცვაში მომწიფებულად, შეტევაში კი „ბავშვურად“ უნდა ემოქმედათ. ამით ის ვიგულისხმე, რომ დაცვაში ძლიერი, ორგანიზებული, სტრუქტურულად დალაგებული და, რაც მთავარია, გუნდური თამაში იყო საჭირო. ხოლო რაც შეეხება „ბავშვურ შეტევას“, მოგეხსენებათ რომ ბავშვებს სწრაფად სურთ ბურთით მეტოქის კარის დალაშქვრა, ნაცვლად პასის გაცემისა. სწორედ ასეთ მიდგომაზე გვსურდა აგვეგო ჩვენი თამაში, რამეთუ ის ჩვენი ფეხბურთელების პროფილს შეესაბამებოდა“.

აღნიშნულმა მიდგომამ გაამართლა. სანიოლის გუნდს ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა თავი დაამახსოვრა ყველას, ვინც გერმანიაში მისი ენერგიითა და შემართებით სავსე თამაშები იხილა.

ყველასთვის, ვინც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარებაში, ევრო 2024-ზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაში წარმოადგენს მკაფიო ხედვის, კარგად შესრულებული სტრატეგიული გეგმისა და მონდომების შედეგს.

სფფ-ის ფეხბურთის განვითარების ამბიციური გეგმის ყურადღების ცენტრში იყო რამდენიმე საკვანძო მიმართულება – ესენია კაცთა და ქალთა ფეხბურთში მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა; ელიტურ ახალგაზრდულ ფეხბურთში, მასობრივ ფეხბურთსა და მწვრთნელთა განათლებაში ინვესტიციის განხორციელება; ასევე მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა. ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებში ჩადებულ დროს, ძალისხმევასა და რესურსებს ახლა წარმატებაც მოყვა.

„ფედერაციაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მასობრივი ფეხბურთის გაძლიერება წარმოადგენდა“, განმარტავს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. „სწორედ ეს არის საფეხბურთო პირამიდის საფუძველი და ჩვენი წარმატების წინაპირობა. ჩვენ მიერ უეფას დახმარებით ბოლო ათი წლის მანძილზე განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა ქართული ფეხბურთის წინსვლა ამ პერიოდში“.

ელიტურ დონეზე მოთამაშეთა ფონდის გაზრდას წინ უძღოდა ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარობის ამაღლება. 2015-2021 წლებში საქართველოში რეგისტრირებული კაცი ფეხბურთელების რაოდენობა 14,676-იდან 37,600-მდე გაიზარდა, ქალ ფეხბურთელთა რიცხვი კი გაათმაგდა. ამ სამუშაოს დიდი ნაწილი უეფას მხარდაჭერით განხორციელდა. კერძოდ, უეფას პროგრამა GROW ხელს უწყობს ეროვნულ ასოციაციებს ფეხბურთის განვითარების პროექტების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

მასობრივი ფეხბურთის სოციალური სარგებლის აფიშირება ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომელიც სფფ-მ გამოიყენა საქართველოში ელიტურ ფეხბურთზე ჩაციკვლის მოსარღვევად და ჩართულობაზე ყურადღების გადასატანად. „საქართველოს საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა მთლიანად პროფესიულ ფეხბურთზე იყო ფოკუსირებული“, განმარტავს სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა. „ყველაფერს ამოძრავებდა წარმატებისა და პირველობის სურვილი. საქართველოში ფეხბურთის შესახებ საზოგადოებრივი აზრიც ყოველთვის ელიტურ დონეზე იყო ორიენტირებული. მთელი კრიტიკა, დიალოგი და დისკუსია საფეხბურთო პირამიდის უმაღლეს საფეხურზე იყო მიმართული“.

აღნიშნული მიდგომების შეცვლა რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო. „2015 წლიდან ჩვენ შევცვალეთ ფედერაციაში დამკვიდრებული აზროვნება და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დიდი ნაწილი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაზე მივმართეთ“, ამბობს ჯღარკავა. „მასობრივი ფეხბურთის სარგებლის აფიშირება მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ შეგვეცვალა დაინტერესებულ მხარეთა აზროვნება. საზოგადოებას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე საერთაშორისო შეჯიბრები. ჩვენი განმარტებით, ფეხბურთი ყველასთვის არის და მას სოციალური სარგებელი მოაქვს. შესაბამისად გარდაქმნილი იქნა არა მხოლოდ გარე კომუნიკაცია, არამედ ფედერაციის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაც. სფფ-ის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტი თუ ყრილობა, ყველა ერთხმად საუბრობდა მასობრივი ფეხბურთის პრიორიტეტულობაზე. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამდით იმას, რომ მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ელიტურ დონეზეც მოყვება შედეგი“.

სფფ-ის სტრატეგიის კიდევ ერთ საკვანძო ნაწილი იყო როგორც მასობრივ, ისე პროფესიულ ფეხბურთში მწვრთნელთა განვითარება. ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი მოთამაშეებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზეც.

„მწვრთნელთა სათანადო განათლების გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია“, აღნიშნავს სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე. „ამ მხრივ ჩვენთვის ფასდაუდებელი იყო უეფას მხარდაჭერა. მწვრთნელთა განათლება ჩემი საქმიანობაც არის და ჩემი გატაცებაც. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაფიქსირებული წინსვლა ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. ამ პროცესში გამორჩეული ადგილი უკავია ახლახანს დასრულებულ უეფას B+A ლიცენზიის კურსს, რომელიც საქართველოს ნაკრების მოქმედ და ყოფილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, დაჩქარებული წესით განავითარონ თავისი სამწვრთნელო კარიერა“.

აღნიშნული პროგრამა სფფ-ის მიერ 2022 წელს იქნა დანერგილი. პროფესიონალ მოთამაშეთა გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, პროგრამა მიზნად ისახავს მათთვის სამწვრთნელო პროცესისა და მეთოდოლოგიის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

„ფეხბურთის შესახებ ასეთი გამოცდილების მქონე მოთამაშეებს ახალს ვერაფერს ასწავლი, თუმცა მათ ესაჭიროებათ ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ“, აღნიშნა უეფას ექსპერტმა კრის ვან დერ ჰაგენმა, რომელიც პროგრამის გახსნას დაესწრო. „მოთამაშეებს დიდი უპირატესობა აქვთ, რამეთუ ყველაფერი იციან ფეხბურთის შესახებ. მთავარია, როგორ გადასცემ სამწვრთნელო იდეებს ფეხბურთელებს და რა გზებს მიმართავ მათი განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ეს უნდა ისწავლონ პროგრამის მონაწილეებმა. მხოლოდ სამწვრთნელო პროცესში ჩართულობით შეძლებს მოთამაშე მწვრთნელად გარდაქმნას, ამას კი გარკვეული დრო ჭირდება“.

ეროვნული ნაკრების არაერთი ყოფილი მოთამაშე ახლა სფფ-ის აკადემიაში ქართველ ფეხბურთელთა მომავალი თაობის განვითარებაშია ჩართული. უეფას პროგრამა HatTrick-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტი 2014 წელს დაინერგა. მის ფარგლებში უკვე აშენდა ექვსი რეგიონული აკადემია, რომელიც ეროვნულ ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის კავშირებს ამყარებს. „ჩვენი აკადემიების მთავარი დანიშნულებაა საფეხბურთო პირამიდის საფუძვლის გაძლიერება,“ განმარტავს ლევან კობიაშვილი. „აკადემიის ბავშვებმა უნდა გააძლიერონ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები. სწორედ ეს არის აკადემიების პრინციპი – მოთამაშეების ადრეული ასაკიდან ეროვნული ნაკრებისთვის მომზადება“.

რეგიონული აკადემიები 14-16 წლის ასაკის ბავშვებს ელიტურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. გამორჩეული მოთამაშეები სფფ-ის რუსთავის ცენტრალურ აკადემიაში ხვდებიან. „რუსთავის ტექნიკური ცენტრი HatTrick-ის საინვესტიციო კომპონენტით აშენდა“, ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი. „ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდულ თანხებს და განხორციელებულ პროექტებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. საქართველოში სათანადო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ხელს უშლის სფფ-ის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას. ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა ამგვარი ობიექტების მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენება, და სწორედ ამაში გვეხმარება უეფა-სგან HatTrick-ის ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერა. ამ თანხებით ჩვენ ასევე ვაფინანსებთ ქალთა ფეხბურთის განვითარებას, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებს და მწვრთნელთა განათლებას“.

სფფ-ის ფეხბურთის განვითარების კიდევ ერთი ინიციატივა უკავშირდება საქართველოში უეფას ახალგაზრდული ტურნირების ჩატარებას. აღნიშნული შეჯიბრების მასპინძლობით სფფ-მ უკვე მოახერხა ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ ინტერესის გაღვივება და საქართველოს ახალგაზრდული გუნდებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა. საქართველომ 2017 წელს 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.

დასწრების რეკორდების დამყარებასთან ერთად, საქართველომ მოედანზეც აჩვენა პროგრესი. 21-წლამდელები ჯგუფში ბელგიას, ნიდერლანდებს და პორტუგალიას შეხვდნენ, პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. 17-წლამდე და 19-წლამდე გუნდებმა კი 2019-2020 წლებში უეფას ასაკობრივი შეჯიბრების ელიტ-რაუნდში იასპარეზეს. მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ამბიცია სფფ-ის 2022-26 წწ. სტრატეგიაშიც არის გაწერილი. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც უეფას მხარდაჭერით იქნა შემუშავებული, მოიცავს სამომავლო წარმატების ჩარჩოს, ისევე როგორც უეფას ტურნირების მასპინძლობიდან მიღებული სარგებლის მაქსიმიზაციის გეგმას.

ოლივიე დოლია – უეფას ტექნიკური განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ვილი სანიოლის გუნდის გამოსვლა ევრო 2024-ზე შთამბეჭდავი იყო და პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. საქართველოს წარმატება ამ ტურნირზე პირველ რიგში ფეხბურთელების, პერსონალისა და გუნდის გარშემო მყოფთა შესანიშნავი მიღწევაა. თუმცა, ეს სფფ-ის მიერ ბოლო ათწლეულის მანძილზე გაწეული ძალისხმევის შედეგიც არის. სფფ ყურადღებას აქცევდა არა მხოლოდ მასობრივი და ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას, არამედ მწვრთნელთა განათლების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფასაც.

სფფ-ის რეგიონულმა აკადემიებმა მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო 14-16 წლის მოთამაშეთა განვითარებას. ნიჭიერ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთად ივარჯიშონ ამ გარდამტეხ ეტაპზე. ის, რომ უეფას ტექნიკურმა განყოფილებამ წლების განმავლობაში შეძლო ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანა, არის დიდი მიღწევა როგორც სპორტული, ისე პირადი თვალსაზრისით. იმედია, ეს შესანიშნავი საქმე გაგრძელდება და მეტ წარმატებასა და სიხარულს მოუტანს ფეხბურთზე შეყვარებულ ქართულ ერს.

ქართველი მოთამაშეები აფასებენ ვილი სანიოლის გავლენას

გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე განიხილავენ გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას და მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გავლენას.

როგორ იმოქმედებს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქართულ ფეხბურთზე?

გიორგი მამარდაშვილი: ჩემი აზრით, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს ქართული ფეხბურთისთვის. ახლა დაიწყება ჩვენი აღზევება. ფეხბურთელებმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალი საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებამდე. ჩვენ ვემზადებით ახალი ტურნირისთვის და გერმანიაში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება შემდეგი თამაშების მოგებაში.

გიორგი მიქაუტაძე: ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ტურნირზე მონაწილეობა. ყველამ იცის რამდენად საამაყოა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და გულშემატკივრისთვის ნაკრების მაისურის ჩაცმა. ისიც ვიცით, რომ ჩვენს ირგვლივ მოლოდინები ახლა უფრო მაღალია. ყველა ჩვენგან გამარჯვებას ელის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხი ისევე გავახაროთ, როგორც გასულ ზაფხულს.

მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გავლენაზე:

გიორგი მამარდაშვილი: ჩემი აზრით, ვილი სანიოლმა თავისი სახელი ხაზგასმით ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რამეთუ მან ის შეძლო, რაც ბევრმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა. მე ვიცი, რამხელა შრომა იქნა ჩადებული ამ საქმეში როგორც ვილის, ისე პერსონალის თითოეული წევრის მიერ. შეიძლება ეს შორიდან არ ჩანდეს, თუმცა ახლოდან ყველა ხედავს, რამდენი იშრომა ბოლო წლების მანძილზე არა მხოლოდ ვილიმ, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა ამ შედეგის მისაღწევად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ყველაფრით არ დავკმაყოფილდებით – არც მე, არც ნაკრების ბიჭები, და არც ვილი. ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და ქართველი ხალხისთვის ბედნიერების მოტანას.

გიორგი მიქაუტაძე: ნაკრებში მოსვლამდე მე ვესაუბრე ვილის, თუმცა საქართველოს მაისურით თამაშის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, სანამ ის გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც მე მას გავესაუბრე და მის ხედვას გავეცანი, კიდევ უფრო მომინდა ამ გუნდში თამაში. როგორც მწვრთნელი, ის ჩვენ მუდმივად გვიზიარებს თავის გამოცდილებას. ყველამ ვიცით, რომ ის დიდებული ფეხბურთელი იყო, რომელსაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები. მან იცის, რა არის საჭირო ელიტურ დონეზე წარმატების მისაღწევად, და ყოველთვის ცდილობს, ყველა მოთამაშეს გაუზიაროს ეს ცოდნა.

gff.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ერთ თვეში დაბრუნდება

ფიფამ მუნდიალის მასპინძლები დაასახელა: ჩვენ ყველანი ერთნი ვართ – ადამიანის უფლებები ფიქციაა