ახლახანს დასრულებულმა სანაკრებო მატჩებმა ბევრი სალაპარაკო გააჩინა. ინგლისის ნაკრები, რომელიც მძიმე ვითარებაშია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ კუნძულელებმა, რომ ერთა ლიგა უინტერესოა, ამით მოფონება არ გამოვა, რადგან 4 მატჩში ინგლისმა ღია თამაშიდან გოლი ვერ გაიტანა და დამაგვირგვინებელი აკორდი კი „მოლინუქსზე“ უნგრეთთან 0:4 იყო. მარცხი, რომლის დარიც ინგლისს 1928 წლის შემდეგ არ უგემია.
ჰოდა, 32-დან 11-მდე თავს არ მოგაწყენთ. პირდაპირ ტოპ-10-ს ვეკვეთოთ. ჰო, შედეგები ბოლოს ნაჩვენებ შედეგებსა და იქამდე ბუქმეიქერთა შედგენილი კოეფიციენტების სინთეზია.
10) ინგლისის – საუთგეითის გუნდზე უკვე ვრცლად გესაუბრეთ და ახალს ვერაფერს დავამატებთ. ევროპის ვიცე ჩემპიონთა ბანაკში არეულობაა და საუთგეითს გამოფხიზლება მართებს. კონსერვატორი ხასიათის გათვალისწინებით, წარმოუდგენლადაც კი მოსჩანს, რომ კარსმომდგარი მუნდიალის წინ ვინმემ საუთგეითი დაითხოვოს, მაგრამ ბოლო შედეგების მხედველობაში მიღებით, ვარაუდი, რომ საუთგეითის საათმა უკუღმა დაიწყო ტრიალი მართებულია.
9) პორტუგალია – ფერნანდუ სანტუშის საშინლად ძლიერი ნაკრები. კრიშტიანუ რონალდუ, დიოგუ ჟოტა, ჟოაუ ფელიქსი, ჟოაუ კანსელუ, ბერნარდუ სილვა, ბრუნო ფერნანდეში, პეპე… ეს სია არ დამთავრდება. ერთხელ, კრიშტიანუმ თქვა, პორტუგალია პატარა ქვეყანაა და მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტები, რომ ვიყოთ საკმარისად ბევრი მოთამაშე არ გვყავსო. ამის მერე, 2016 ში პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მერე წავიდა და პირველი ერთა ლიგა მოიგო. ივნისში 4 მატჩიდან 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. მოკლედ, პორტუგალიას ოქროს თაობა ჰყავს და სანტუშს ყველა პოზიციაზე უ-დი-დე-სი არჩევანი აქვს. ჰო, კრიშტიანუს ფიზიკის პატრონმა, შესაძლოა 60 წლამდე ითამაშოს, მაგრამ მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, რადგან 2026 წელს, ის 41 წლის იქნება.
8) ბელგია – სამარადჟამოდ ყველა ტურნირის ფავორიტი ნაკრები. 2014 წლიდან მოყოლებული, მუდამ არის მოლოდინი, რომ ახლა უნდა გაიბრწყინოს ამ თაობამ, არა ახლა დადგა დრო… და ასე მოვედით 2022 წლამდე ისე, რომ ბელგიელთა უდიდესი მიღწევა გასული მუნდიალის ბრინჯაოს სინჯია. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ 8-6 ან 4 წლისწინანდელი ბელგიის ნაკრები ფურცელზე გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ახლანდელი, მაგრამ მოწინავე 10-ეულში ეს ნაკრები ადგილს არ კარგავს. დე ბრუინი, კურტუა, ტილემანსი, ალბათ, აზარი და ლუკაკუც უნდა ვახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთს 2 წელია არ უთამაშია და მეორე ჯერაც ვერ გარკვეულა რომელ კლუბში ყოფნა.
7) დანია – ნაკრები უდიდესი კონსტრუქციულობით და ნაკლები ინდივიდუალიზმით. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე დანიამ 9 შეხვედრა მოიგო! ბოლოს სქოთებთან კი დამარცხდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარაფერი წყდებოდა. ჰო, შესარჩევის საუკეთესო გუნდი ჰიომლანდის დანია გახდა. იუსუფ პოულსენი, კასპერ შმეიხელი, სიმონ კიაერი, კრისტიან ერიკსენი… მოკლედ, ურიგო სახელები არაა, მაგრამ ამ გუნდის მთავარი ღირსება არა ტოპ ვარსკვლავები, არამედ უაღრესად მწყობრი, ტაქტიკურად განსწავლული თამაშია. შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვიკინგები ნახევარფინალამდე მივიდნენ და ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი გუნდია ნებისმიერი ნაკრებისათვის.
6) საფრანგეთი – ცოტა უცნაურია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ამ პოზიციაზე ხილვა. მაგრამ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ივნისის მატჩებმა რეიტინგზე დიდი გავლენა იქონია. ფრანგებმა 4 მატჩში, მხოლოდ 2 ქულის მოპოვება მოახერხეს. ავსტრიის, დანიისა და ხორვატიის ჯგუფში ბოლოზე არიან და ბ დივიზიონში დაქვეითების გვარიანი შანსია. თუმცა, ახლა ფრანგ ვარსკვლავთა ნუსხას რომ შევბედოთ წათამაშება, ბროშურა გამოვა და არა სტატია. კარიმ ბენზემა (მომავალი ოქროს ბურთის მფლობელი), ნგოლო კანტე, კილიან მბაპე. თუ საკმარისი არაა გრიზმანებზე, პოგბებზე, ვარანებზე, ლორისებზე და კიდევ ზღვა რაოდენობის ვარსკვლავებზე გადასვლაც არ იქნება რთული ამბავი. მოკლედ, საფრანგეთი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მიუხედავად კოშმარული ივნისისა.
5) გერმანია – თაობათა ცვლის პროცესში მყოფი ბუნდესნაკრები. ის მიდის ეს მოდის, დრონი მეფობენ, მაგრამ გერმანია მაინც ყველგან მოწინავეა. როგორ ახერხებენ, მართლაც საკვირველია. კარგი, ჰანზი ფლიკის გერმანიის ნაკრებში თაობათა ცვლაა და ამ გარდამავალ პერიოდს რამდენიმე ერთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და 2018 წლის პირწმინდად ჩაგდებული მუნდიალი დაერთო. წამოვიდა, წამოვიდა ახალი თაობა, გნაბრი, კიმიხი, ადეიემი, ვირცი, ჰავერცი, მუსიალა და იქვე ლეგენდები: ნოიერი, მიულერი და გიუნდოგანი.
4) ნიდერლანდები – ახალი ოქროს თაობა ნარინჯისფრებში. ერთა ლიგის ფინალისტები და უძლიერესი შემადგენლობის მქონე ნიდერლანდები მუნდიალზე დიდი მიზნებით მიდიან. ვან დაიკი & დე ლიხტის დაცვის წყვილზე უკეთესი რაუნდა ინატრო? იქვე სხვა არაერთი და საინტერესო ახალგაზრდა, რომელთათვისაც შესაძლოა მუნდიალი წყალგამყოფიც აღმოჩნდეს. ჯადოსნური ჯოხით კი ლუი ვან გაალია.
3) ესპანეთი – ლუის ენრიკეს „ფურია როხა“ დიდებულად გამოიყურება. ერთა ლიგაზე 4 მატჩში 8 ქულა და დასრულებული თაობათა ცვლის პროცესი. გავი, პედრი, ფატი, ერიკ გარსია, ოლმო და იქვე დიდი ბიჭები: დე ხეა, კარვახალი, ასპილიკუეტა, კოკე, როდრი… 21-ე საუკუნეში ესპანეთმა ისტორია დაწერა. მუნდიალი, ზედიზედ 2 ევროპის ჩემპიონატი და კონფედერაციის თასი. ეს ყველაფერი ზუსტად 4 წელიწადში. ნამდვილი სიშლეგეა. განახლებული გუნდით, დიდი მიზნითა და დიდებული მწვრთნელით ესპანეთი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, თან გასული მუნდიალიც ახსოვთ, რუსებმა რომ გამოთიშეს…
2) ბრაზილია – გასრულდა ევროპელთა ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. ჰოდა, მოვედით სამხრეთ ამერიკაში. „სელესაო“ – ყველა მუნდიალის წინ ბრაზილია უმთავრეს ფავორიტთა სიაშია, მაგრამ 20 წელია ჯულ რიმეს თასი არ აღუმართავთ. ბრაზილიამ გასულ მუნდიალზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ბელგია დახვდა და აზარსა და დე ბრუინს ვერაფერი მოუხერხა. ამის შემდეგ, იყო მოგებული და წაგებული კოპა ამერიკა. მონსტრი შემადგენლობა: ალისონი და ედერსონი მეკარეები, გასაოცარ ფორმაში მყოფი ვინისიუსი, ნეიმარი რიღათ შევაქოთ, როდრიგო, პაკეტა, კაზემირო და კიდევ ბევრი სხვა…
1) არგენტინა – 32! მატჩია სკალონის გუნდი არ მარცხდება. არ მოგესმათ, 32. თუკი რაიმე შეკითხვა არსებობდა, ალბათ, ამ სტატისტიკამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. აქ ინდივიდუალურ გაბრწყინებაზე საუბარი არ გვაქვს. ზოგადად, არგენტინა ბრწყინავს! მოქმედი კოპა ამერიკის გამარჯვებული და ლეო მესისათვის მშრალი სანაკრებო კარიერის დასასრული… მოკლედ, იდეალური შანსი არგენტინელებს, რომ 1986 წლის შემდეგ იჩემპიონონ. მაშინ 10-იანი ვის ეცვა და ვინც განაპირობა ჩემპიონობა გეხსომებათ. ჰოდა, მესის შესაძლებლობების ზღვარს არავინ იცის სად აქვს სამანი, მაგრამ ვინიცის, ერთ-ერთი ბოლო შანსია თუ უკანასკნელი არა, რომ ტიტულთა კომპლექტი გაასრულოს და მუნდიალიც დაუმატოს.
GIPHY App Key not set. Please check settings