საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველი მატჩი შინ ხორვატიის ძალიან ძლიერ ნაკრებს მოუგო – 1:0.
სათაურში გვიწერია, რომ მეტი შეიძლებოდა და ამის თქმის უფლებას ის გვაძლევს, რომ მეორე ტაიმის შუისკენ მეტოქეს მეკარე გაუგდეს და კაცნაკლული დარჩა. სწორედ ამის შემდეგ დაეუფლა ჩვენი გუნდი ბურთს და პირველ ნომრად გადაეწყო. სახიფათოდაც შეუტია და ერთი-ორი მომენტიც შექმნა. მეორე გოლის გატანის შანსი ნამდვილად იყო.
თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ხორვატებსაც ჰქონდათ მანამდე შანსები, ბურთიც ეჭირათ და ჩვენები უფრო კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ხეირის ნახვას. შესაძლოა ეს იმანაც განაპირობა, რომ ანგარიში მალევე გაიხსნა. უკვე მე-4 წუთზე წინ გავედით, როდესაც ჩვენების კარგი შეტევა მეკარემ მოიგერია, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე იმათმა მცველებმა ერთმანეთს ხელი შეუშალეს და საკუთარ კარში ჩაჭრეს.
მეკარის გაგდების ეპიზოდამდე აშკარად გამოჩნდა, რომ ხორვატია მართლაც ძლიერი, დაბალანსებული გუნდია კარგი შემსრულებლებით, თუმცა დაცვაში სხვა დროსაც მოუვიდათ იაღლიში და დაუმარცხებელი გუნდიც არ არის თუ სწორად ვითამაშებთ და შანსებს გამოვიყენებთ.
განმეორებით შეხვედრაში ალბათ სწორედ მეორე ნომრად და კონტრშეტევებზე მოგვიწევს თამაში, დაახლოებით ისე როგორც ვთამაშობდით, სანამ სტუმრები ძირითადი მეკარის გარეშე დარჩებოდნენ.
კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. თითქმის ყველა რგოლმა და ინდივიდუალურად ყველამ მშვენივრად ითამაშა. რაიმე ასპროცენტიანი შანსი არ შევაქმევინეთ, ბურთის ამოტანასაც ვახერხებდით, წინა ხაზელებიც მუდმივად აწუხებდნენ მეტოქეს. მოკლედ, ჩვენც კარგი გუნდი გვყვას და იმედიანად ყოფნა შეგვიძლია.
ახლა მთავარი ფინალია: განმეორებითი შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში, სადაც ხორვატია უფრო დაგეშილი შემოგვიტევს. არადა, მხოლოდ ერთი თამაში რჩება და ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით.
დღეს ე.წ. პირველი ტაიმი მოვიგეთ, ახლა ბოლომდეა საქმე მისაყვანი.
სავსებით შესაძლებელია…
საქართველო – ხორვატია 1:0
გოლი: 1:0 სოლდო (4-საკუთარ კარში)
გაძევება: ჩავლნა (66)
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, აზაროვი (90. მორჩილაძე), მამაცაშვილი (66. აბუაშვილი), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, კვერნაძე, გ. მამაგეიშვილი (66. სიგუა), ოდიშარია, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი (76. გორდეზიანი)
სათადარიგო: მაქაცარია, ოდიშვილი, ლორთქიფანიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, ირაკლი ეგოიანი.
ხორვატია: ჩავლინა, ცვიანოვიჩი, ვალინჩიჩი, ვუშკოვიჩი, ბადელი, ჰოჯა (90+5. ბარზიჩი), სოლდო, ზვორანეკი (63. კოლიჩი), სტოიკოვიჩი (59. ცრნაცი), ფრიგანი (59. ბიუკი), ივანოვიჩი (59. შოტიჩეკი)
GIPHY App Key not set. Please check settings