in

და ჩვენ მოვიგეთ… საქართველომ ერთა ლიგა ლამაზი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ახალი ერთა ლიგა დამაჯერებელი, სანახაობრივი, ემოციური მოგებით დაიწყო – ძლიერი ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

ევრო 2024-ის შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის, რომლებიც წარმატების გაგრძელებას ითხოვენ და ბიჭებმაც არ გაგვიცრუეს იმედები.

პირდაპირ ვთქვათ, ასეთ ანგარიშს ასეთ მეტოქესთან არ ველოდით, მაგრამ როდესაც არის გუნდურობა, ერთიანობა, ჟინი და სურვილი, იქ გასაკვირი არაფერია.
დღევანდელ საქართველოს კი ეს ყველაფერი აქვს. თამაშამდე, მერე სტადიონზე თამაშისას და თამაშის შემდეგაც საქართველო ერთიანდება. ამ ყველაფრის შედეგი კი ტაბლოზე წერია.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიას 33-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო. 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას პასით უპირატესობა ორამდე გაზარდა. 63-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილის აქტიური თამაშის შედეგად გიორგი მიქაუტაძემ მესამე გოლი გაიტანა, ხოლო 66-ე წუთზე, ნაკრებში სადებიუტო გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა ჩაკვეტაძის ეფექტური გადაცემით გაიტანა.

ერთა ლიგა 2024/25. B1 ჯგუფი

საქართველო – ჩეხეთი 4:1
7 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 27 233 მაყურებელი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (32-პენ), 2:0 ჩაკვეტაძე (53. კვარაცხელიას პასით), 3:0 მიქაუტაძე (63. ლოჩოშვილის პასით), 4:0 ქოჩორაშვილი (66. ჩაკვეტაძის პასით), 4:1 კალვახი (80)

საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი (88. გოგლიჩიძე), კაშია, დვალი, კაკაბაძე (75. გოჩოლეიშვილი), ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (74. ნონიკაშვილი), ჩაკვეტაძე (75. დავითაშვილი), კვარაცხელია, მიქაუტაძე (74. ზივზივაძე).
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, ტაბიძე, ლობჟანიძე, აზაროვი, ალთუნაშვილი, წიტაიშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ჩეხეთი: კოვარჟი, ზიმა, ჰრანაჩი, კრეიჩი, ცოუფალი, სოუჩეკი, კრალი (46. კალვახი), რინეში (26. ზელენი), პროვოდი (77. შულცი), ჩვანჩარა (46. ლინგრი), შიკი (68. ჰლოჟეკი)
სათადარიგოები: ზადრაჟილი, მარკოვიჩი – ვიტიკი, ჩერვი, კუშეი, ჩერნი
მწვრთნელი: ივან ჰაშეკი

გაფრთხილება: ცოუფალი (16), კრალი (38), კვარაცხელია (74), კრეიჩი (81), ნონიკაშვილი (84), ქოჩორაშვილი (86)

არბიტრი: ო. გრინფელდი (ისრაელი)

ასეთი გამარჯვების შემდეგ ცხადია თითოეული ფეხბურთელის თამაში დადებითად უნდა შეფასდეს და მართლაც ასე იყო. ყველამ კარგად ითამაშა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორი ფასდაუდებელი და ფუნდამენტურია კიტეიშვილი გუნდისთვის, ხოლო კვარაცხელია სხვა სიმაღლეზეა.

ეს ახალი ოცნებისკენ მიმავალი გზის მხოლოდ დასაწყისია. ამით მხოლოდ 3 ქულა მოვიპოვეთ და ისევ ასეთი შემართებით სიარულია საჭირო. მომდევნო გამოცდა კი აქვეა – 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიაში ყველაზე კარგი ხელფასები ინტერშია, ნაპოლი მეხუთეა – საერთო ხარჯი მილიარდს აჭარბებს

მიხარია, რომ ასე სერიოზულად მივუდექით საქმეს