2005 წელს „იუვენტუსმა“ „ფიორენტინას“ ჯორჯო კიელინის სანაცვლოდ 7.5 მილიონი ევრო გადაუხადა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია თავისას შვრება და ძველი ფასი თანამედროვეში სხვაგვარად ითარგმნება, 7.5 მილიონი კიელინის დარი მცველისათვის მაშინაც სიმბოლური თანხა იყო.
9-გზის იტალიის ჩემპიონი, 5 იტალიის თასი, 5 იტალიის სუპერთასი და კიდევ არაერთი ტიტული, რომელიც ჯორჯომ ბებერ ქალბატონთან ერთად მოიპოვა. 2011 წელს კი გუნდს ლეონარდო ბონუჩი შეუერთდა და დაცვის ცენტრი დედამიწის სიმძიმის ცენტრს დაემსგავსა. კიელინი, ბონუჩი და ბარძალი… ამ ტრავიატას ზედმეტი გაშლა და ახსნა არ სჭირდება. კარგი, დავუშვათ მათ გაუმკლავდი, შემდეგ უკვე ჯიჯი ბუფონი გხვდებოდა. მოკლედ, „იუვემ“ დაცვის სანიმუშო მოდელი შექმნა.
გასულ დეკადაში ტურინულმა გრანდმა 2 ჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ, ოხ ეს ესპანელები. ჯერ „ბარსა“, შემდეგ „რეალი“. არაფერი იცვლებოდა დაცვაში. მოთამაშეები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ არა დაცვის ხაზში.
2018 წელს, ბარძალი უკვე ძალზე იშვიათად ჩნდებოდა შემადგენლობაში, ბონუჩიმ კი ოცნება აიხდინა და „მილანს“ მიაშურა. კიელინი ისევ მედგრად იდგა. ბონუჩიმ „როსონერიში“ სეზონი ცალსახად ჩააგდო და კრიშტიანო რონალდოს „იუვეში“ გადმობარგების შემდეგ, სასწრაფოდ გუნდს დაუბრუნდა. უძღები შვილი მიიღეს…
ყველაფერს დასასრული აქვს. კიელინისა და ბონუჩის 11-წლიანი კოლაბორაცია, გუშინ, ოფიციალურად დასრულდა, რადგან ჯორჯო გუნდს ტოვებს. „ბონუჩის უკეთ ვიცნობ, ვიდრე საკუთარ ცოლს“- ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ჯორჯუჩის დუეტი, მართლაც ერთ სულში გაერთიანებულ ორ სხეულს წააგავდა. ბევრი ცრემლი დაიღვარა, ძნელია, ამ დონის ფიგურა გტოვებდეს და თავი შეიკავო… დღეიდან „იუვეს“ კიელინის გარეშე მოუწევს მეტოქე გუნდის იერიშთა მოგერიება. ცოტა უცნაურია, მაგრამ რეალობა ასეთია.
ერთხელ განსაკუთრებულმა ჟოზემ თქვა:
„ჩემი აზრით, კიელინიმ და ბონუჩიმ ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა უნდა დაიწყონ თემაზე, ცენტრალური მცველობა“- მოურინიო ასეთ ქათინაურებს ტყუილად არ ხარჯავს. ისე კი, რაოდენ საინტერესო იქნებოდა კიელინისა და ბონუჩის ხილვა მარკერით ხელში, „მოგესალმებით, მე ჯორჯო მქვია, მე ლეონარდო. ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გაუმწაროთ ცხოვრება შემტევებს…“
GIPHY App Key not set. Please check settings