საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მზადების პროცესში ღია ვარჯიში გამართა და გულშემატკივრებს საშუალება მისცა ენახათ ქართველი ფეხბურთელები. ვარჯიშის შემდეგ გაიმართა ფოტოსესია და ჩვენმა ფეხბურთელებმა ავტოგრაფები ჩამოარიგეს.
ვიდეო/ფოტო: საქართველოს ღია ვარჯიში გერმანიაში
ვარჯიშის დაწყებამდე კი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით მედიის კითხვებს ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა დვალმა უპასუხეს.
ლაშა დვალი:
“ორი კვირაა ვემზადებით. პირადად ჩემთვის, საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და მომზადება ინდივიდუალურად დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლოს ვარ ოპტიმალურ ფორმასთან. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე ვარჯიში, სადაც ფიზიკურ კონდიციებს გავიუმჯობესებთ.
სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. ევროპის ჩემპიონატზე ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს გასატარებელი. ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა”.
ნიკა კვეკვესკირი:
“გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.
ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ფეხბურთელები, ვინ უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მითუმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის”.
GIPHY App Key not set. Please check settings