in ,

ლაშა დვალი: ნაკრები პროგრესირებს და თუ ჭკვიანურად ვითამაშებთ, ნებისმიერთან შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი – ზამთარში შესაძლოა კლუბი შევიცვალო

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი იმედისმომცემი ფეხბურთით და სამმატჩიანი მოგებათა სერიით დასრულა. სექტემბრისა და ოქტომბრის ჩაგდებული მატჩების შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მუნდიალის შესარჩევში ჯერ კოსოვო და შვედეთი დაამარცხა, ამხანაგურ შეხვედრაში კი უზბეკეთსაც სძლია.

ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ნაკრების წევრად და ერთ-ერთ გამოცდილ ფეხბურთელად მიიჩნევა ლაშა დვალი. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი ამჟამად უნგრული “ფერენცვაროშის” ღირსებას იცავს. დვალმა უნგრეთის საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს მატჩები ჩატარებული. ბოლო პერიოდში, იგი ტრავმებს ებრძოდა, რის გამოც კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ ქართველი ცენტრალური მცველი დანებებას არ აპირებს და ეს მისთვის გამოწვევაა, რომ უფრო მეტად იშრომოს და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდეს.

ლაშა დვალი “საბურთალოს” აღზრდილია. საქართველოს ნაკრების მაისურით მას 22 მტჩი აქვს ჩატარებული.

Sport4me.ge ლაშა დვალს უნგრეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ლაშა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების შესახებ დავიწყოთ საუბარი. მარტის კარგი მატჩების შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბერში ნაკრებმა ცუდი მატჩები ჩაატარა და დიდი იმედგაცრუებაც ვნახეთ. ნოემბერში კი, ისევ გამოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. როგორ შეაფასებდით განვლილ შესარჩევ ციკლს?

ამ შესარჩევ ციკლში გვქონდა თამაშები, რომლებშიც ვფიქრობ კარგად წარმოვაჩინეთ თავი. იყო თამაშები, რომელშიც ცოტა იღბალი დაგვაკლდა და იყო ისეთებიც, რომლებსაც არანაირი ახსნა არ აქვს. უბრალოდ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

მიუხედავად ამ არა სტაბილურობისა, ვფიქრობ საქართველოს ნაკრები სწორ გზას ადგას და ეს კოსოვოსთან და შვედეთთან მოგებულ შეხვედრებშიც გამოჩნდა. მარტის თამაშებიც საკმაოდ კარგი იყო. უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ გააზრებული ფეხბურთი ვაჩვენეთ და ჩემი აზრით იმ მატჩებში მინიმუმ 4 ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.

ამ ჯგუფიდან მუნდიალზე გასვლას რომ ვერ დავგეგმავდით, თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ ნაკრებმა აჩვენა, რომ წინ მიდის და პროგრესირებს.

შვედეთთან და კოსოვოსთან მატჩები ახსენეთ და ამ შეხვედრებში მართლაც გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებს აქვს პოტენციალი. ის ცუდი თამაშები და ჩავარდნები რით იყო განპირობებული?

სექტემბრის თამაშებში ცუდი გამოსვლა ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი იყო ნაკრებში გამოძახებული. ახალ ფეხბურთელებს ადაპტაცია სჭირდებათ და პირველი მატჩი ნაკრების მაისურით ყოველთვის რთულია. თან გარკვეული ექსპერიმენტებიც იყო ტაქტიკური მონახაზების მხვრივ. ამაში ვილი სანიოლის გამტყუნება ძალიან რთულია. მან ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და ყველა შესაძლო ტაქტიკური მონახაზი ნახა. ბოლო მატჩებში კი, მივაგენით იმ ტაქტიკას, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენი ნაკრებისთვის ოპტიმალურია.

ყველას მთავარი იმედი და მოლოდინი ერთა ლიგაზე გვაქვს. ალბათ დამეთანხმები, რომ ერთა ლიგის C დივიზიონში გაცილებით რთული მეტოქეები არიან, ვიდრე D-ში. მომავალი ერთა ლიგის შანსებზე და ჩვენს პოტენციურ მეტოქეებზე რას იტყვი, რამდენად რეალურია შანსი, რომ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ?

ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა მართლაც პრიორიტეტია. შრომით, ჭკუითა და ბოლომდე თამაშით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი და თანამედროვე ფეხბურთში ამის არაერთი მაგალითია. ამიტომაც არის ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში.

ჩემი აზრით, თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ყველა მეტოქესთან ბოლომდე დავიხარჯებით და ცოტა იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს, შეგვეძლება ერთა ლიგაზე მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 22 შეხვედრა გაქვს ჩატარებული და უკვე გამოცდილ ფეხბურთელად მიიჩნევი. ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებშიც მოგიწია თამაში. მწვრთნელებს როგორ დაახასიათებთ, რა საერთო და განსხვავებული მიდგომები აქვთ მათ?

ტრავმების გამო ნაკრებში ბევრი თამაში გამიცდა, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ტრავმები ფეხბურთელის კარიერის განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ, ძალიან ცუდად მიეწყო და ბოლო პერიოდში არ მიმართლებს, მაგრამ შრომას და ბრძოლას არ ვწყვეტ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ვაისიც და სანიოლიც ორივე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და სასიამოვნოა მათთან მუშაობა, მეტს მათზე ვერაფერს ვიტყვი.

ლაშა, ჩვენთვის ის ავადსახსენებელი თამაშის შესახებაც მინდა გკითხო. ძალიან ახლოს ვიყავით დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდ გამარჯვებასთან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან, მაგრამ სამწუხაროდ ჩრ. მაკედონიასთან დავმარცხდით. თქვენთვის ფსიქოლოგიურად რამდენად რთული იყო ამ მატჩის დავიწყება და როგორ ფიქრობთ რა დაგვაკლდა იმ მატჩში?

მთელი ცხოვრება რაღაცაზე რომ ოცნებებობ, ერთ ნაბიჯში ხარ მის ასრულებასთან და უცებ ყველაფერი რომ ჩანოგენგრევა, ასეთი იყო ჩვენთვის მაკედონიასთან განცდილი მარცხი. ვფიქრობ, ტაქტიკურად მაკედონია უფრო კარგად იყო იმ მატჩში მომზადებული და ფსიქოლოგიურადაც ისინი უფრო იყვნენ მზად გადამწყვეტი მატჩის სათამაშოდ. გულშემატკივარზეც უნდა ვთქვა. ასეთი მნიშვნელობის მატჩის ცარიელ სტადიონზე სათამაშოს მზად არ აღმოვჩნდით.

“ფერენცვაროშის” შესახებაც გკითხავთ. დიდი ხანია ამ კლუბში ხართ, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში დიდი სათამაშო დრო არ გეძლევათ…

ზემოთაც აღვნივშნე გუნდში თუ თამაში არ მიწევს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრავმებით არის გამოწვეული. ძალიან ცუდად გადაება ერთი მეორეს, მაგრამ მჯერა ძველ სათამაშო ფორმას აღვიდგენ და როგორც გუნდს, ისევე ნაკრებს მალე დავეხმარები.

“ფერენცვაროშზე” რას იტყვი: გუნდზე, ქალაქზე, გულშემატკივრებზე?..

“ფერენცვაროში” უნგრეთში უდიდესი ტრადიციების მქონე, საუკეთესო კლუბია, რომელსაც მართლა საოცარი გულშემატკივარი ჰყავს. ხალხი აფანატებს ამ გუნდზე. ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შესაძლოა ზამთარში კლუბი დავტოვო და სხვა გუნდში მოვსინჯო ძალები. ამ სამი წლის განმავლობაში სამჯერ გავხდი უნგრეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშე.

ბოლოს, რას ეტყოდით ქართველ გულსემატკივარს და რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი ფეხბურთში?

გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი ძალიან ცუდი სანახავია. გულშემატკივარი გუნდს უდიდესი ენერგიით, მოტივაციით ავსებს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც გუნდებს თამაში საოცარი გულშემატკივრობის შედეგად მოუგია. იმედი მაქვს, ამიერიდან საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროდ თამაში არასდროს მოუწევს და ჩვენი მაგარი ქომაგების ხმას ისევ ბევრჯერ გავიგონებთ სტადიონზე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფა და ლიგები სეზონში 8 მილიარდს დაკარგავენ თუ მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში ჩატარდება

ბრიტანული გამოცემა: საქართველოს 6 ერში არავინ მიიღებს