1999 წლის შემდეგ პირველად, გარიბალდიანები პრემიერლიგას დაუბრუნდნენ. იმ 108 წლის განმავლობაში, რომელიც “ფორესტმა” ინგლისის საფეხბურთო ლიგაში გაატარა, გუნდს ყველაზე უარესი სტარტი ჰქონდა. საწყის 7 ტურში 1 ქულა და პოზიცია ცხრილის ფსკერზე.
ამის შემდეგ ევანგელოს მარინაკისმა კრის ჰატონი დაითხოვა და მესაჭის პოსტზე სტივ კუპერი წარადგინა. მიზანი? შევინარჩუნოთ ადგილი ლიგაში. სტივ კუპერს კი სულ სხვაგვარი გეგმა ჰქონდა. მან სასწაული შემოგვთავაზა და გუნდი პლეი-ოფის გავლით ინგლისის საფეხბურთო ელიტას დაუბრუნა.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რა ელის ამ გუნდს? 170 მილიონი გირვანქა კლუბის ბიუჯეტში ჩაირიცხება, რადგან გუნდი პრემიერლიგას დაუბრუნდა, მაგრამ როგორ განაწილდება რესურსი? – შეკითხვა უამრავია და ჩვენც მივყვეთ ნელ-ნელა.
ამ ეტაპზე გუნდის მთავარი პრობლემა იჯარიანი მოთამაშეების შენარჩუნებაა. ჯედ სპენსი „მიდლსბროდან“, ქინან დეივისი „ასტონ ვილადან“, ჯეიმს გარნერი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, ფილიპ ცინკერნაგელი „უოტფორდიდან“ . ჩამოთვლილ მოთამაშეთა წვლილი “ნოტინგემის” ზღაპარში განუსაზღვრელია. განსაკუთრებით საგანგაშოა ჯეიმს გარნერისა და ჯედ სპენსის საკითხი. ერიკ ტენ ჰაგმა გადაწყვიტა გარნერს შანსი მისცეს „ემიუში“, ხოლო ჯედ სპენსს „ტოტენჰემი“ უტრიალებს. ამ ფეხბურთელთა ვერ შენარჩუნება უდიდესი დარტყმა და ნაპრალი იქნება “ნოტინგემის” არცთუ ისე ღრმა შემადგენლობისთვის. 170 მილიონი თითქოს ამ მხრივ მხსნელი უნდა იყოს, მაგრამ საქმე მსოფლიო ფეხბურთის ბობოლებთან გვაქვს.
ცალკე საკითხია ბრენან ჯონსონი. ნოტინგემში დაბადებული ჯონსონის მამაც წარსულში „ფორესტის“ ღირსებას იცავდა, თუმცა ბრენანი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 20 წლის ფეხბურთელის სეზონური მონაგარი 17 გოლსა და 10 ასისტს მოიცავს და მისი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იქნება. პრემიერლიგელები მის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქას ამზადებენ.
რგოლები, სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება
ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრის შეხედულებაა, რადგან ეს ხალხი გუნდის უკლებლივ ყველა მატჩს უყურებს. მარცხენა მცველის პოზიცია კი, მათი აზრით, ყოველ მიზეზ გარეშე გასაძლიერებელია. არავინ უკარგავს ჯეკ კოლბეკს გარჯას, მაგრამ ის საერთოდაც არ არის განაპირა მცველი, ბოლო-ბოლო 8-ნომრიანი მაისურით ბურთაობს, მაგრამ მწირმა სათადარიგო სკამმა და ტრავმებმა ფლანგზე გადაწევა მოითხოვა და მანაც მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მიუხედავად ამისა, ეს პოზიცია პრობლემურად რჩება.
ჯეიმს გარნერის შემცვლელი, რადგან მისი შენარჩუნება გამორიცხულია.
ჯედ სპენსის შემცვლელი, თუკი მას ვერ გამოისყიდიან.
მარცხენა ვინგერი – ფილიპ ცინკერნაგელს მშვენიერი სეზონი ჰქონდა, 6 გოლი და 7 პასი. მაგრამ ისიც არაა გუნდის სრულფასოვანი წევრი, პლუს უკვე 29 წლისაა და სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის.
დაცვის ცენტრი – სტივ კუკი მშვენივრად ჩაეწერა „ფორესტში“. სეზონის პირველ ნაწილში კუკმა “ბორნმუთში” თითზე ჩამოსათვლელი წუთები ითამაშა, იანვარში კუპერთან გადაბარგდა და ჯეროვნადაც შეავსო დაცვის ცენტრი. ჯო ვორალი ცენტრალური რგოლის უპირობო ლიდერია, თუმცა ერთია ჩემპიონშიფი და მეორე პრემიერლიგა. ასე რომ, ეს რგოლიც მეტნაკლებად პრობლემურია.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს. 100 წელზე ხნიერი „სითი გრაუნდს“ ტევადობის მხრივ არაფერი დაეწუნება, მაგრამ მოძველებულია შიდა ინფრასტრუქტურა (საშხაპეები, გასახდელი და ა.შ.). ბერძენმა მფლობელმა ევანგელოს მარინაკისმა უკვე დააანონსა სტადიონის კეთილმოწყობა, თუმცა წითლები დროში შეზღუდული არიან, სეზონი აგვისტოში იწყება.
სტივ კუპერის კონტრაქტი: აქ შეკითხვა არ არსებობს. სასწრაფოდ გაუხანგრძლივეთ კუპერს კონტრაქტი. ასეთია გულშემატკივრის ღია მოწოდება და არც მარინაკისია სხვა აზრზე, თუმცა ფინანსური ნაწილია გადასაწყვეტი. კაცმა გუნდი ფსკერზე ჩაიბარა და ელიტაში აიყვანა, ასე რომ, გროშებით ფონს გასვლა აღარ გამოვა.
მოკლედ, მედალს ორი მხარე აქვს და რამდენადაც მაგიური იყო „ნოტინგემის“ 21-22 სეზონი, იმდენივე თავის ტკივილია შიდა სამზარეულოში. რა და როგორ იქნება, სულ მალე ვნახავთ. ისე კი, ინგლისში სატრანასფერო ფანჯარა 10 ივნისს იხსნება და აგვისტოს შუაწელს იხურება.
GIPHY App Key not set. Please check settings