„ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის, მინიმუმ, ერთი წლით შენარჩუნება სურს, თუკი საქართველოს ნაკრების მეკარეში კლუბისთვის სასურველ თანხას არ გადაიხდიან, – ამ ინფორმაციას Diario AS-ი ავრცელებს.
მამარდაშვილს ბოლო თვეების განმავლობაში ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს უკავშირებენ. ამ კლუბებს „ვალენსიის“ მოთხოვნილი ფასის გადახდის პრობლემა არ ექნებათ.
ამ ყველაფრის გამო კლუბმა გიორგი მამარდაშვილის შემცვლელის ძებნა დაიწყო. „ღამურები“ „რაიო ვალეკანოს“ მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის აკვირდებიან, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ასევე, განიხილება „მალიორკას“ კარის დარაჯის, დომინიკ გრეიფის კანდიდატურაც.
გრეიფმა კუნძულელებთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და კოპა დელ რეის ფინალში მათ გასვლაში მთავარი როლი ითამაშა, თუმცა „მალიორკა“ ძირითად მეკარედ პრედრაგ რაიკოვიჩს მიიჩნევს. ამიტომ, შესაძლოა, გრეიფმა გუნდი დატოვოს.
წყაროს ცნობით, ამ დროისთვის „ვალენსიის“ მთავარი მიზანია, მამარდაშვილი კიდევ ერთი სეზონით მაინც შეინარჩუნოს. კლუბში იმედოვნებენ, რომ საგანგებო ვითარებისთვის გათვალისწინებული გეგმები საჭირო არ იქნება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings