საქართველოს ნაკრების არ იყოს, ლუქსემბურგსაც ხშირად არ აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი და ამ მცირე ქვეყნისთვის ახლა საუკეთესო შესაძლებლობაა დაამტკიცოს საკუთარი ამბიციები.
თბილისში ჩამოსულმა ჩვენმა მეტოქემ ივარჯიშა და მერე მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა და ივანდრო ბორხეს სანჩესმა პრესკონფერენცია გამართეს.
ლუკ ჰოლტცი:
„გუნდში კარგი განწყობაა, ყველა მშვიდადაა და შეხვედრას თავდაჯერებულები და იმედიანები ელიან.
მოტივაცია მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ სხვა ფაქტორებიც იქონიებს გავლენას.
თუ ვის დავაყენებ ძირითად შემადგენლობაში, ეს უკვე ვიცი, თუმცა ვარჯიშზე კიდევ დავაკვირდები მოთამაშეებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
55 ათასი მაყურებელი დიდი წნეხი იქნება, მაგრამ მგონია, რომ პირიქითაა – ჩვენი ფეხბურთელებისთვის ამდენი მაყურებლის მოსვლა დიდი მოტივაცია და სტიმული იქნება.
შეჩვეულები ვართ დაძაბულ თამაშებს და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრის წნეხი გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.
ასეთ მატჩში მონაწილეობაც კი თითოეული მათგანისთვის საკმარისი სტიმულია. ყველა აცნობიერებს ამ მატჩის მნიშვნელობას, რომელიც ისტორიულია და ვეცდებით, ემოციურმა ფაქტორებმა ჩვენზე გავლენა არ იქონიოს.
მეც სიამოვნებით ვითამაშებდი ასეთ თამაშს, რადგა ეს ლუქსემბურისთვის ისტორიული მატჩია. 15 წლის წინ მკითხეს, წარმოვიდგენდი თუ არა დიდი ტურნირზე ლუქსემბურგის ნაკრებთან ერთად მოხვედრას. მაშინ ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ ასეთი ისტორიული შანსი გაგვიჩნდა“.
ივანდრო ბორხეს სანჩესი:
“კმაყოფილი ვარ ახალ გუნდში გადასვლით, “ნაიმეგენში” სათამაშო დრო მაქვს.
ახალგაზრდა ვარ და შანსი გამიჩნდა, რომ დიდი ტურნირზე ვითამაშო.
სხვებისთვის კი ეს ბოლო შანსი იქნება, რაც თავისთავად დიდი სტიმულია. საერთოდ, ლუქსემბურგის ნაკრებში ახალგაზრდების და გამოცდილების კარგი სინთეზია.
ყველა ვაცნობიერებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი გაგვიჩნდა. ჩვენ მართლაც მშვიდად ვართ და თამაშისთვის ვემზადებით”.
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings