ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „დიუსელდორფს“ უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.
ქართველი თავდამსხმელი ამჯერად სათადარიგო იყო (დეკემბრის შემდეგ პირველად) და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.
„კარლსრუემ“ 22 ტურის შემდეგ 29 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში ქართველების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს. 25-ე ტურში „ემპოლიმ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დაასრულა. საბა გოგლიჩიძე მასპინძელთა განაცხადში იყო.
„ფროზინონემ“ „რომა“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. გიორგი კვერნაძეც მასპინძლების განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე ისიც არ გასულა.
სერია B-ში ივა გელაშვილის განაცხადში გამოჩენა კი სასიხარულოა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და განაცხადში მოხვდა. მისმა „სპეციამ” „ჩიტადელა” 4:2 დაამარცხა.
კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა „აპოელმა“, გასვლაზე „დოქსა“ 1:0 დაამარცხა. ორივე ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია მე-80 წუთზე გაიყვანეს. „აპოელი“ 62 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
ტრავმა მოირჩინა და „ბაზელს“ დაუბრუნდა გაბრიელ სიგუა, მაგრამ „გრასჰოპერსთან“ გასვლით შეხვედრაში (1:2) სათადარიგოებში დარჩა და არ უთამაშია.
ბრატისლავას „სლოვანმა“ „ზლატე მორავცე-ვრაბლე“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. ორი გოლი გაიტანა ლუქსემბურგის ნაკრების შემტევმა გერსონ როდრიგესმა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო (შეფასება 7.4), ხოლო გურამ კაშია ისვენებდა. სტუმართა შორის კი მცირე ტრავმის გამო იური ტაბატაძე არ იყო, გიორგი ჯინჯოლავამ შეუცვლელად ითამაშა (6.0), ხოლო ლევან ნონიკაშვილი (6.1) მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.
„ქოჩაელისპორის“ შემადგენლობაში სადებიუტო თამაში ჩაატარა თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ასევე ძირითადში იყვნენ გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი. ორივე მე-60 წუთზე შეცვალეს.
პოლონეთში ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა სტუმრად “ზაგლემბიესთან”, სადაც მისმა “კრაკოვია” 1:1 ითამაშა. ქართველი მცველის შეფასება 7.6-ია.
ავსტრიაში სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგმა” შინ “ტიროლი” 4:1 დაამარცხა. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.9.
ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” კი “რაპიდს” დაუზავდა 1:1. კიტე მე-80 წუთზე შეცვალეს და შეფასებად 7.2 დაუწერეს.
GIPHY App Key not set. Please check settings