“ნაპოლის” ოთხეულში მოხვედრა ისევ ძალიან გაურთულდა, 25-ე ტურის მატჩში კი “ჯენოას” “დიეგო მარადონაზე” უმასპინძლებს – შაბათს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე (ჩვენი დროით).
მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს.
შაბათის მეტოქეები ერთმანეთს ბოლოს 16 სექტემბერს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს. ალბერტო ჯილარდინოს ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ჯაკომო რასპადორიმ და მატეო პოლიტანომ კი შეხვედრა გადაარჩინეს. “კვარა” მათ სულ მეორედ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის სხვაობა ახლა 6 ქულაა.
ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გუშინ, თბილისის დროით 20:55 საათზე, ნეაპოლში ჩაფრინდა. მას აეროპორტში რამდენიმე გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ჰკითხეს, აპირებს თუ არა “ჯენოასთან” თამაშს. ნიგერიელმა პასუხი არ გასცა, ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა.
ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან ჯანმრთელად არ დაბრუნებულა და წინა ხაზზე მაინც ჯოვანი სიმეონეს ველით. ნიგერიელს “ნაპოლის” მაისურით 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიცირებულ ჟუან ჟესუსს ახლად მომჯობინებული ნათანი შეცვლის. მეკარე ალექს მერეტიც მზადყოფნაშია, მაგრამ პიერლუიჯი გოლინი მაინც სასტარტოში უნდა ვიხილოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი მარცხნივ პასკუალე მაცოკის ჩაანაცვლებს. საინტერესოა, უკვე 23 წლის კვარაცხელია ისევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე იქნება თუ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება?!
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლას რადიო Marte-ს ეთერში Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი გამოეხმაურა.
მარკეტიმ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კვარაცხელიამ ივლისში გუნდი დატოვოს. იესპერ ლინდსტრიომი მატეო პოლიტანოს ალტერნატივად განიხილება, ქართველის შეცვლა კი ჰამედ ტრაორეს შეუძლია, რომელსაც თამაში მარცხენა ფლანგზეც ეხერხება და ამისათვის “ბორნმუთისგან” მისი გამოსყიდვაა საჭირო.
საფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლაუგრანასთან” დაახლოებული გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები ამ პოზიციაზე სამ კანდიდატურას განიხილავენ, ერთ-ერთი კი “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბარსა” გაბრიელ მარტინელის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა “არსენალი” მის გასხვისებას არ გეგმავს და ლონდონური კლუბის დატოვების სურვილს არც თავად ბრაზილიელი გამოთქვამს. ამიტომ მათთვის უფრო მარტივი “ნაპოლის” ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იქნება. ქართველმა წარსულში განაცხადა, რომ “რეალში” ან “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.
მესამე ვარიანტი კი ნიკო ვილიამსია, რომელიც ბილბაოს “ატლეტიკის” ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას გარემოცვას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა “კვარას” აგენტმა ითხოვა, რომ მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ გამართულიყო.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings