ურთულეს ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ბელგრადში, ალეკსანდრ ნიკოლიჩის ულტრასებით გადავსებულ დარბაზში – ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბელგრადის პარტიზანთან ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებაში ქართველმა ფორვარდმაც დიდი წვლილი შეიტანა: მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, მეტოქეს დაცვაში სწორად რომ დაუდგა და შეტევითი ჯარიმა მიაღებინა. საბოლოოდ თოკოს ანგარიშზე 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი დაფიქსირდა. 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი აუცდა.
16 ქულით „ვირტუსის“ ბომბარდირი დანიელი იფე ლუნდბერგი გახდა.
„ვირტუსს“ 12 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩი 30 იანვარს იტალიის ჩემპიონატში „პესაროს“ წინააღმდეგ ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings